საკრებულოს დეპუტატები ,,თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგიის’’ პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ

„თბილისობა 2015″ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში, თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სასტუმრო „ ქორთიარდ მერიოტში“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის მიერ შემუშავებული ,,თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია 2015-2020“-ის პრეზენტაცია გაიმართა.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და დედაქალაქის გარემოსდაცვითი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე შორენა ბუხრაშვილი, ასევე საკრებულოს დეპუტატები ნინო გოგუაძე და გულიკო ზუმბაძე, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი ბიძინა გიორგობიანი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ, რომლებმაც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის სტრატეგიის ცალკეული ნაწილების შესახებ პრეზენტაციები მოისმინეს და დოკუმენტი დისკუსიის რეჟიმში შეაფასეს.
ღონისძიებაზე შორენა ბუხრაშვილმა კანონმდებლობის სფეროს კუთხით ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის გარემოსდაცვითი სტრატეგია, როგორც საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის, ასევე სამთავრობო და არასამთავრო სექტორის წარმომადგენლების შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
თბილისის გარემოსდაცვითი ხუთწლიანი სტრატეგია დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2015 წლის სექტემბერში დაამტკიცა. დოკუმენტი გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები