როგორ დაათმობინეს „რუსთავი 2“-ის წილები ქიბარ ხალვაშს – რით დაემუქრა მას მიხეილ სააკაშვილი

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში გაზეთ „ვერსიასთან“ ინტერვიუში დეტალურად საუბრობს, თუ როგორ დაათმობინეს „რუსთავი 2“-ის წილები. ხალვაშის განცხადებით, უარის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი მას დაემუქრა და უთხრა, რომ ყველაფერს დაკარგავდა თავისუფლების ჩათვლით.
„2006 წლის ნოემბერში დამირეკა არველაძემ და მთხოვა, მასთან მივსულიყავი. მაშინ არველაძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იყო, კაბინეტში ბეჟუაშვილიც დამხვდა, ტელეკომპანია „მზის“ და „რუსთავი 2“-ის 33%- ის დათმობა მომთხოვეს. მაშინ ორივე კომპანიის 78%-ს ვფლობდი და 33% ნიშნავდა, რომ კონტროლი უნდა დამეთმო. სამაგიეროდ, მომცემდნენ პირველი სტერეოს 45%-ს. ჯერ ვკითხე, მათემატიკის აზრზე თუ იყვნენ, მერე კი არველაძეს ვკითხე, პირადად თვითონ რატომ მელაპარაკებოდა, რა უფლებით და თუ ბეჟუაშვილს ჰქონდა წინადადება, მას იქ რა ესაქმებოდა. ასე რომ, ბოდიში მოვიხადე, ვერაფერი გავიგე-მეთქი და წავედი. იქედან გამოსული მეგობართან ერთად ჩოგბურთის სათამაშოდ წავედი. ატყდა რეკვა, ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მირეკავდნენ, ხან დაცვის უფროსი რეკავდა და ხანაც – სამდივნოდან. ვიცოდი, რა თემაზეც უნდოდათ საუბარი და სანამ არ მოვრჩი ჩოგბურთის თამაშს, მანამდე არ ვუპასუხე. დაახლოებით თორმეტის ნახევარი იყო, პრეზიდენტთან რომ მივედი. მიშამ კატეგორიულად მომთხოვა „რუსთავი 2“, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირდაპირ მითხრა, რომ ყველაფერს დავკარგავდი თავისუფლების ჩათვლით. მეორე დღეს დამირეკა დიმიტრი ქიტოშვილმა, ნოტარიუსთან დამიბარეს და წილი გადამაფორმებინეს.
ქიტოშვილმა მოიყვანა ვინმე ბიძინა ნიჟარაძე და ამ ადამიანზე გადამაფორმებინეს ჩემი წილის ნაწილი, დანარჩენი ნაწილი გაფორმდა „საქცემენტზე“. შემდგომი ოპერაციები ზუსტად არ მახსოვს. იმ დღეს კიდევ ერთი კომიკური ისტორია მოხდა. როდესაც დავიშალეთ და ნოტარიუსისგან წამოვედით, ზარი დამაწიეს – ვაიმე, „მზის“ წილების გადაფორმება დაგვავიწყდაო.
დღეს უკვე ვიცი. სააკაშვილი, გარდა იმისა, რომ დიქტატორია, არის ფსიქიკურად აშლილი ადამიანი. თუ ვინმეს რამე დაუშავა, სულ ცდილობს, მის ბოლომდე განეიტრალებას. განეიტრალებაში ვგულისხმობ დაჭერას, კომპრომატებს, ფარულ თვალთვალს, ჩანაწერებს, შანტაჟს, რომ ადამიანს წინააღმდეგობის გაწევის უნარი დაეკარგოს“, – აცხადებს ხალვაში.
როგორც ბიზნესმენი აღნიშნავს, მას იმედი ჰქონდა, რომ სხვა ბიზნესებს არ შეეხებოდნენ.
„პირობა ჰქონდათ დადებული, რომ ჩემს სხვა ბიზნესებს არ შეეხებოდნენ და მეგონა, მომეცა შანსი, დაწყებული პროექტები გამეგრძელებინა. მართლაც მეტ-ნაკლები პრობლემებით ვაგრძელებდი 2007 წლის აგვისტომდე. აგვისტო იყო მიშას შავი საქმეების პიკი და დაიწყეს სახელმწიფოს მიერ დაკვეთილ პროექტებზე ფინანსური შეფერხებები. მშენებლობებზე დასაქმებული იყო ორი ათასი ადამიანი. სახელფასო ფონდი იყო დაახლოებით ნახევარი მილიონი, მშენებლობის წარმოებას მიმდინარე მასალების შესყიდვას და ა.შ. ძალიან დიდი თანხა სჭირდებოდა და უცბად შემექმნა პრობლემა. პრობლემებთან დაკავშირებით სასაუბროდ ვიყავი ადეიშვილთან, ყველაფერი ავუხსენი, რას აფუჭებდნენ და როგორ აფუჭებდნენ. შემდეგ შევხვდი ბაჩო ახალაიას გია ქავთარაძესთან (იმჟამინდელ იუსტიციის მინისტრთან), შემპირდნენ, რომ გარკვეულ თანხას მოგვცემდნენ. ამის შემდეგ მოლაპარაკებაზე გამოაგზავნეს კეზერაშვილი. ისიც მაშინ თავდაცვის მინისტრი იყო და სამინისტროსგან გორის ბაზის მშენებლობაზე დაკვეთა მქონდა. გორიდან ვბრუნდებოდით, როცა კეზერაშვილმა მკითხა, შენი ძმაკაცი ოქრუაშვილი რას ფიქრობსო. მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიჭერდი თავს და ვუთხარი, ნუ ჩამრევთ მაგ საქმეში, თქვენ თვითონ გაარკვიეთ ერთმანეთში-მეთქი.
ამის მერე კეზერაშვილი კიდევ ერთხელ დამიკავშირდა, უკვე, სექტემბერში და შეხვედრა მომთხოვა. კეზერაშვილთან სამინისტროში ვისაუბრეთ. კეზერაშვილი დანიშნული ჰყავდათ მოლაპარაკებებზე. რადგან ის იყო ჩემი ყველაზე მსხვილი დამკვეთი, ალბათ, ფიქრობდნენ, რაკი შუაში ფული იყო, უფრო ადვილად შესაძლებელი იქნებოდა მოლაპარაკება. კეზერაშვილი დაინტერესდა, ოქრუაშვილს დავეხმარებოდი თუ არა, თუ იგი ოპოზიციაში წავიდოდა. როგორც ჩანს, ჩემმა პასუხმა არ დააკმაყოფილა და ორ დღეში კომპანია IBC-ში შევარდნენ და დააყადაღეს. მე ამ დროს ბაქოში ვიყავი და სასწრაფოდ ჩამოვედი. კვირა დღე იყო და ვერაფრის გარკვევა ვერ შევძელი, ორშაბათს კი ოფისში შეიარაღებული ბრიგადები შემოვარდნენ. ეს არ იყო ფინანსური პოლიცია, უფრო ბანდფორმირებების სახე ქონდათ”, – აცხადებს ხალვაში გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები