ბათუმელი გარემოვაჭრეები ერმაკოვის ჯიხურების აღებას აპროტესტებენ
ბათუმელი გარემოვაჭრეები თბილისში ე.წ. ერმაკოვის ჯიხურების აღებას აპროტესტებენ. ისინი აქციაზე დღეს დედაქალაქში ჩამოვიდნენ.
როგორც გარემოვაჭრეები აცხადებენ, 40–ზე მეტი ოჯახი ზამთარს შემოსავლის გარეშე შეხვდება და ისინი ახალი პროექტის განხორციელებამდე მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.
ამასთან, მათივე თქმით, ისინი მზად არიან რკინის კონსტრუქციები სხვა მასალით დაფარონ და ჯიხურები ბათუმის იერსახესთან შესაბამისობაში საკუთარი სახსრებით მოიყვანონ.
ბათუმის მერიაში მიაჩნიათ, რომ ჯიხურები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მათი განმარტებით, გარემოვაჭრეებისთვის მიცემული ვადა ამოწურულია და ქალაქის ხელმძღვანელობა კონსტრუქციების აღებას გეგმავს.
ახალი ადგილებისა და დიზაინის მოძიების შემდეგ კი გიორგი ერმაკოვი გარემოვაჭრეებს კონკურსში მონაწილეობას ურჩევს, თუმცა მომავალი ზაფხულის სეზონამდე ახალი ჯიხურების დადგმა არ იგეგმება.