თეა წულუკიანი ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრს – რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრს რუმიანა ბაჩვაროვას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა საქართველოში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა იყო. გარდა ამისა, მხარეებმა იმ რეფორმებზეც ისაუბრეს, რომლებიც ქვეყანაში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით საკანონმდებლო რეფორმების თუ სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით ტარდება.
„ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც, ამავე დროს, ბულგარეთის ვიცე-პრემიერია, ძალიან დაინტერესებულია იმ თემებით, რაც მას თავის მთავრობაში აბარია და რაც იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტებიცაა. ეს არის ელექტრონული მმართველობა, საზოგადოებრივი ცენტრები, რომლებსაც ჩვენ, იუსტიციის სამინისტრო, მასშტაბურად და ძალიან სწრაფად ვაშენებთ საქართველოს სოფლებში, რათა სახელმწიფო სერვისები, კერძო სერვისები ჩვენი მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ბულგარული მხარისათვის ძალიან საინტერესოა ქართული გამოცდილება, თუ როგორ ვებრძვით იუსტიციის სახლებით, საზოგადოებრივი ცენტრებით, დიგიტალიზაციის პოლიტიკით − რომელიც ბოლო 3 წელია, არნახული მასშტაბებით მიმდინარეობს − იმ დანაშაულს, რომელსაც ჰქვია კორუფცია და როგორ ვართ წარმატებულები. მათთვის ეს გამოცდილება საინტერესოა და შევთანხმდით, რომ ამ სფეროში თანამშრომლობა შედგება“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანთან შეხვედრის შემდეგ ბულგარეთის დელეგაცია იუსტიციის სახლსაც ესტუმრა და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში ორდღიანია. სტუმრები უკვე შეხვდნენ საქართველოს შს მინისტრს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან საქართველოში.
ბულგარეთის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები