13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 30 სტუდენტს სწავლის საფასურს დაუფინანსებენ

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ 30 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოში ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიების სხდომაზე ვრცელი ანგარიშით წარდგა.
საკრებულოს კომისიების წევრებს მან 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, ახლახან მიიღეს გადაწყვეტილება და მერიის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდება სტიქიის შედეგად დაზარალებული 30 სტუდენტის ერთი წლის სწავლის საფასური. ლექვინაძის თქმით, ეს თანხა 71 ათას ლარს შეადგენს და იგი უახლოეს დღეებში სტუდენტებს ჩაერიცხებათ.
ლექვინაძის მიერ წარდგენილი ანგარიშის თანახმად, სტიქიამ 194 ოჯახი დააზარალა, 20 გარდაიცვალა, 2 პირი კი დღემდე დაკარგულად ითვლება, დაზარალდა 800-ზე მეტი ფიზიკური პირი.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ზარალი 100 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. კერძო კომპანიებისა და მოქალაქეების მიერ შემოწირულობის სახით 22 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა. ამ თანხიდან 16 მილიონი ლარი დაზარალებულების ერთჯერად დახმარებებს, საცხოვრისით უზრუნველყოფას და სხვა საჭიროებებს მოხმარდა.
გარდაცვლილების ოჯახებზე 10 ათასი ლარის დახმარება გაიცა.
ლექვინაძის თქმით, ამჟამად 52 ოჯახს სჭირდება საცხოვრებელი ბინა, მათგან 40-მდე ოჯახთან მიღწეულია შეთანხმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები