ლაგოდეხის, ახმეტისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 1900-მდე საცხოვრებელი სახლი გადაიხურა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიორგი ამაშუკელმა, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან ერთად, აგვისტო-სექტემბრის თვეებში კახეთის რეგიონში მომხდარი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე ანგარიში მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს და ჩატარებული სამუშაოები მათთან ერთად დაათვალიერეს.
გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებისათვის გამოყოფილმა ჯამურმა თანხამ დაახლოებით 5 მილიონი ლარი შეადგინა. ლაგოდეხის, ახმეტის და ყვარლის მუნიციპალიტეტებში დაახლოებით 1900-მდე საცხოვრებელ სახლზე სახურავი მოეწყო. აქედან 1235 სახლის სახურავი ნაწილობრივ, ხოლო 645 სახლი სრულად გადაიხურა. ვინაიდან დაზიანებულ სახლებზე გადახურვის მასალების დაახლოებით 90 პროცენტს გასული ქონდა საექსპლუატაციო ვადა, საჭიროებიდან გამომდინარე, თუნუქის/შიფერის გარდა, გამოიცვალა სახურავის ხის კონსტრუქციებიც. სამუშაოებზე ძირითადად დასაქმებული იყო ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები და 400-მდე ადგილობრივი მოსახლე.