დავით ნარმანია: სანათების დიდი ნაწილი “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დამონტაჟდა და მწყობრიდან იყო გამოსული
„ძველი და უხარისხო სანათების დიდი ნაწილი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დამონტაჟდა, მწყობრიდან იყო გამოსული“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის ანძაზე სანათების გამოცვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ანძის დემონტაჟის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„ძველი, უხარისხო სანათების დიდი ნაწილი, რაც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს დამონტაჟდა, ერთი მხრივ, მწყობრიდან არის გამოსული, მეორე მხრივ, ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული იყო ის, რაც მათ დროს გაკეთდა. ამის დემონტაჟი იყო აუცილებელი. ჩვენ ჩავატარეთ კონკურსი და კონკურსის საფუძველზე საუკეთესო წინადადება შევარჩიეთ, ფასით ყველაზე მისაღები და ხარისხით ყველაზე საუკეთესო წინადადება, რაც დროში მოსწრებადი იყო.
ყველაფერს ვაკეთებთ წესების სრული დაცვით, რომ ახალ წელს განახლებული და უფრო კარგად განათებული ანძით შეხვდეს ჩვენი დედაქალაქი და ეს საჩუქარი გავუკეთოთ თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ანძაზე განათების შეცვლისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 900 000 ლარია გამოყოფილი.