უფლებადამცველები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან პოლიტიკური ტოქშოუს შექმნას მოითხოვენ
უფლებადამცველები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და არხზე პოლიტიკური ტოქშოუს შექმნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მზად არიან, მაუწყებლის შენობასთან პერმანენტული აქციები დაიწყონ. როგორც უფლებადამცველებმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, პოლიტიკური ტოქშოუ დღეს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ კონტროლირებად არხზე არსებობს და საზოგადოებას სხვა ტოქშოუს ნახვის საშუალება აღარ აქვს.
„ჩვენ არ გვინდა „რუსთავი 2“- ის ყურება, ეს არის არხი, რომელსაც მთლიანად პოლიტიკური ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობა“ აკონტროლებს. მხოლოდ ამ არხზეა დღეს შერჩენილი პოლიტიკური ტოქშოუ. ჩვენ გვინდა პირველ არხს მოვთხოვოთ, რომ შექმნას ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები, სადაც საზოგადოების აქტიურ ჯგუფებს საშუალება გვექნება, დავაფიქსიროთ აზრი სოციალურ თუ პოლიტიკურ პრობლემებზე და ნებისმიერ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფს საშუალება ექნება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს. საზოგადოებრივ მაუწყებელში ხელმძღვანელობას პეტიციას ხვალ ჩავაბარებთ და ჩვენს მოთხოვნებს გავაცნობთ. მოვითხოვთ, ამ პეტიციაზე სასაუბროდ შეგვხვდეს გიორგი ბარათაშვილი და არხის ბორდის წარმომადგენლები. თუკი ეს შეხვედრა არ მოხდება და უახლოეს ხანში არ დაიწყება ტოქშოუ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ჩვენ მის შენობასთან აქციებს დავიწყებთ. საზოგადოებრივ მაუწყებელს საკმაოდ დიდი ბიუჯეტი აქვს, მაგრამ რეალურად კარგ პროდუქტს ვერ ქმნიან. ჩვენ რაშიც ფულს ვიხდით, იმის შედეგს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მოძრაობა „სახალხო სამართალის“ წარმომადგენელმა ოთარ სტეფანიშვილმა.
ალტერნატიული ტოქშოუს არარსებობაზე საუბრობს „უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ალექსანდრე კობაიძეც. კობაიძემ გიორგი ბარათაშვილს და ბორდს გონივრულ ვადებში საზოგადოებრივ მაუწყებელზე ტოქშოუს გაკეთება მოსთხოვა.
„ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური და საზოგადოებრივი ტოქშოუები აღარ არის, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ და მხოლოდ ერთ არხს, რომლის ალტერნეტივაც აღარ რჩება. საზოგადოებას აღარ აქვს არჩევანის გაკეთების საშუალება რომ სასურველ ტოქშოუს უყუროს. თითქოს ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა, „იმედში“ 2 რეიტინგული და საზოგადოებრივი ტოქშოუ დაიკეტა, ახლახან საზოგადოებრივ მაუწყებელზე „პირველი სტუდია“ დაიხურა. ჩვენთვის მიზეზი, რომ შიდა სამზარეულოში რაღაც ხდება, მიუღებელია, ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტოქშოუები. უნდა მოგვეცეს იმის საშუალება, რომ ერთ კონკრეტულ არხზე არ ვიყოთ დამოკიდებული. მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდს და გიორგი ბარათაშვილს, რომ გამოიჩინონ კეთილგონიერება და უახლოეს ხანებში აღადგინოს ან აღნიშნული ტოქშოუ, ან მოიფიქრონ სხვა ახალი. დღეს ამ მხრივ კონკურენცია აღარ არის და ერთ ტელევიზიას აქვს მონოპოლია. საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი თანხებით არსებობს და საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს“,- განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.