პატრიარქი: დღევანდელი დღე არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია
დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა – ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა , უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
პატრიარქმა მრევლს და სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ დღეს ასევე არის წმინდანთა, მირიანისა და ნანას, ასევე პირველი კათალიკოს-პატრიარქის მელქისედეკის ხსენების დღე.
“გილოცავთ ამ დღესასწაულს, სვეტიცხოვლობას, დღეს არის მთელი ერის ზეიმი. დღევანდელი დღე არის დღესასწაული არა მარტო ეკლესიის, არამედ ეროვნული დღესასწაულია და მე, გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულს. კვართი უფლისა – ეს არის უდიდესი სიწმინდე, რომელიც ეკუთვნის მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ინება, რომ ეს სიწმინდე ჩამოეტანათ საქართველოში და საქართველოში ყოფილიყო დასვენებული. ეს მეტყველებს იმის შესახებ, რომ ღმერთი განსაკუთრებით სწყალობს საქართველოს, განსაკუთრებული მადლი ტრიალებს საქართველოზე და ჩვენ ვმადლობთ უფალს, ამ დიდი წყალობისათვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა ანალიტიკური აზროვნება სჭირდება ადამიანს, რომ გააანალიზოს, სად არის კეთილი და სად არის ბოროტი. საქართველო მადლმოსილია და არ შეცდება ამაში. საქართველო მუდამ იდგება სიკეთისა და სიწმინდის გზაზე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და გააძლიეროთ, ღმერთმა მოგცეთ სიბრძნე, სიმშვიდე და ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, მალე დაგვიბრუნდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უფალი ბძანებს: ითხოვდეთ და მოგეცეთ, თქვენ ეძიებდით და ჰპოვოთ. დღევანდელ დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გამთლიანდეს საქართველო და გაიხაროს ქართველმა ხალხმა და არა მარტო ქართველმა ხალხმა, ყველამ, ვინც ცხოვრობს საქართველოში.
მინდა დღევანდელი დღესასწაული მივულოცო ყველას, აფხაზებს, რუსებს, სხვა ერების წარმომადგენლებს – ოსებს, ბერძნებს, წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და სიყვარული ღვთისა სუფევდეს თქვენზე, საქართველოზე და მთელ მსოფლიოზე”, – აღნიშნა პატრიარქმა.