ნინო გვენეტაძე: თუ უნდა დადგეს პროცესუალურად მოსამართლის აცილების საკითხი, ამ გადაწყვეტილებას თავად მოსამართლე მიიღებს
თუ ეს პროცესის ფორმატში უნდა იქნეს განხილული და დადგეს პროცესუალურად მოსამართლის აცილების საკითხი, ამ გადაწყვეტილებას თავად მოსამართლე მიიღებს, – ასე გამოეხმაურა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მოსამართლე ურთმელიძის დედის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.
როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან საქმე მიმდინარე სამართალწარმოებაშია და მისი შეფასება პროცესს დააზარალებს.
“მე ამ გარემოებებზე ვერაფერს მოგახსენებთ. თუ ეს პროცესის ფორმატში უნდა იქნეს განხილული და დადგეს პროცესუალურად მოსამართლის აცილების საკითხი, ამ გადაწყვეტილებას თავად მოსამართლე მიიღებს. სხვა ვერაფერს ვიტყვი, რადგან ჩემი კომენტარი მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს დააზარალებს”, – განაცხადა გვენეტაძემ.
მოსამართლე ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმე 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. თამაზ ურთმელიძის დედას, ბრალს გამომძიებლები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში წაუყენებენ. საუბარია 2014 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტზე. სიძის მტკიცებით, მდინარა გიორგობიანმა მას ნაჯახი ჩაარტყა.