კახა კახიშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა საზოგადოებას სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა.
როგორც მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2012 წლიდან ხელისუფლების პრიორიტეტი სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტრო, მასში შემავალი დაწესებულებები, ადამიანის უფლებათა დაცვა და სარეჟიმო მოთხოვნების უზრუნველყოფა იყო. მისივე თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ტუბერკულიოზით და C ჰეპატიტით მკურნალობაა, რომლითაც ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა დაწესებულებებში.
„დაწესებულებებში ძალიან რთული ბალანსი იყო მოსაძებნი. კონკრეტულად, ერთი მხრივ – ადამიანის უფლებები – მეორე მხრივ, საქმე გვაქვს საპატიმრო დაწესებულებებთან, სადაც უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი სარეჟიმო პირობები. საერთაშორისო პარტნიორებთან – ევროკავშრთან, აშშ-სთან, ევროსაბჭოსთან, სხვა დონორ ორგანიზაციებთან ერთად სისტემის განვითარების კონცეფცია შევიმუშავეთ და მაქსიმალურად მოკლე ვადებში შევეცადეთ და ფაქტობრივად განვახორციელეთ ჩვენი კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ სტანდარტებთან. დღეს არავისთვის არ არის ახალი, რომ სისტემაში სისტემური დანაშაული, როგორიც არის წამება, ადამიანის უფლებების შელახვა, აღარ წარმოადგენს მიმართულებას. ნამდვილად არის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ, რაც მთავარია, სისტემა არ მალავს ცალკეულ დანაშაულს“,- განაცხადა კახიშვილმა.
როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ძალიან მოკლე პერიოდში დაწესებულებების რეაბილიტაცია მოხდა.
„ძალიან მოკლე პერიოდში მოხდა დაწესებულებების რეაბილიტაცია. ჩვენ დღეს მივაღწიეთ ევროპულ სტანდარტებს, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ევროპული სტანდარტების შესაბამისად ბრალდებულისთვის და მსჯავრდებულისთვის კვადრატული მეტრები ზუსტად ისეა გამოყოფილი, როგორც ამას ევროპული რეგულაციები მოითხოვს. მაქსიმალურად შევეცადეთ, ხელმისაწვდომი გამხდარიყო ჯანდაცვა პენიტენციურ დაწესებულებებში. რასაც მივაღწიეთ და ნამდვილად რაც უპრეცედენტოა, პოსტსაბჭოთა სივრცეში, როდესაც არის ერთ-ერთი პრიორიტეტული და ძალიან ბევრი ადამიანი განიკურნა ჩვენს დაწესებულებაში“,- აღნიშნა მინისტრმა.