გიგლა აგულაშვილმა სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარადგინა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა დღეს საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” საზოგადოებას სამინისტროს მუშაობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა.
პრეზენტაციისას მინისტრმა ის 15 მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო, რომელზეც სამინისტრო მუშაობს. კერძოდ, ბიომრავალფეროვნების დაცვა და ტყის მართვა და სხვა მიმართულებები. მან ასევე ისაუბრა რამდენიმე სტრატეგიულ დოკუმენტზე, რომელიც სამინისტროს მიერ მომზადდა. ესენია – ეროვნული სატყეო კონცეფცია, ქვეყნის გარემოსდაცვითი ანალიზი, ნარჩენების მართვა და სხვა.
ასევე, აგულაშვილმა ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მიერ სამი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობაზე, ასევე ინსტიტუციურ ცვლილებებზე, რომლის დროსაც შეიქმნა ახალი სამსახურები.
როგორც მინისტრმა პრეზენტაციისას აღნიშნა, 2012 წლიდან სამინისტრომ ძირეული და მნიშვნელოვანი ფუნქციების დაბრუნება დაიწყო, რომლისგანაც იგი განძარცვული იყო და მისი ეს ფუნქციები გადანაწილებული იყო სხვადასხვა უწყებებზე და, მისივე თქმით, ეს პროცესი დღემდე გრძელდება.
გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ბათუმში გარემოს დაცვის მინისტრთა მერვე კონფერენცია იგეგმება და ამ კონფერენციის მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
ამავე ინფორმაციით, შემუშავდა და საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცდა საქართველოს სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი. გამკაცრდა სანქციები და დაიწყო კონტროლი უკანონო ბუნებათსარგებლობაზე. 2013-2015 წლებში სულ გამოვლინდა გარემოს დაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 19 000-ზე მეტი ფაქტი. სამართალდარღვევებზე დაკისრებულმა ჯარიმამ კი 8 674 000 ლარი შეადგინა.
ასევე შეიქმნა 16 ბუნების ძეგლი, ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობებსა და ვიზიტორთა ცენტრებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
შეიქმნა ახალი დაცული ტერიტორიები, კერძოდ, ოკაცეს კანიონი, ჯავახეთისა და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.
ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელდა მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების კატალოგიზირება და შედგა 947 კადასტრი.
საქართველოს 9 ქალაქის 58 წერტილში განხორციელდა ატმოსფერული აირის დაბინძურების ინდიკატორული გაზომვები ჰაერის ხარისხის შეფასების მიზნით.
პირველად დამონტაჟდა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი 3 სადგური მდინარეებზე ყვირილა, კაზრეთულა და მაშავერა, რაც წყლის ხარისხის მონიტორინგის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
მდინარე ვერეს აუზში განხორციელდა მოცულობითი, ჰიდრომეტრული და ტოპოგრაფიული სამუშაოები, რის შედეგად განხორციელდა წყალდიდობა- წყალმოვარდნების შედეგად შესაძლო დატბორვის არეალების განსაზღვრა.