169-ე ბაგა ბაღში მასწავლებლები დირექტორის გათავისუფლებას აპროტესტებენ – რას აცხადებენ ბაღების სააგენტოში
თბილისის 169-ე ბაგა ბაღის ეზოში მასწავლებლებმა და მშობლებმა დირექტორის გათავისუფლება გააპროტესტეს. როგორც მასწავლებლები აცხადებენ, ბაღის დირექტორი ფიქრია ჩახნაშვილი წლებია, რაც დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა და მათთვის გაუგებარია გათავისუფლების მიზეზი.
ყოფილი დირექტორის განმარტებით, მას ბაღების სააგენტოს მართვის ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ, მასწავლებლების სრული შემადგენლობის გათავისუფლება მოსთხოვა, რასაც არ დათანხმდა, და თემურ თორდინავამ ის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„დამიბარეს და მითხრეს, რომ უნდა გამენთავისუფლებინა თანამშრომლები, რაც მიზანშეწონილად არ მივიჩნიე და უარი ვთქვი. სამაგიეროდ, მიზანშეწონილად მიიჩნიეს ჩემი გათავისუფლება. მე არ ვაპირებ გაჩერებას და ვაპირებ მოქმედებას სამართლებრივად. ბატონ თემურ თორდინავას მოვუწოდებ, დაანებოს თავი სპეცსამსახურების დავალებების შესრულებას და ბაგა-ბაღების დირექტორების დევნას“, – განაცხადა დირექტორმა.
169-ე ბაგა ბაღის დირექტორის ბრალდებებს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, თემურ თორდინავა გამოეხმაურა. თორდინავას განმარტებით, დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ბაღში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილი დარღვევები გახდა.
„სამი თვის წინათ იყო კონკრეტული დარღვევა და დირექტორს მიეცა გაფრთხილება, მონიტორინგის ჯგუფმა ხელახლა აღმოაჩინა დარღვევა და, შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. არცერთი ადამიანის გათავისუფლება არ ხდება ისე, თუ მას კონკრეტული მიმართულება კონკრეტული დარღვევა არ აქვს. დირექტორის გარდა იქ იყო რამდენიმე პერსონალი, რომელიც ჩართული იყო ამ დარღვევაში და ეს ადამიანებიც ალბათ უნდა გათავისუფლდნენ ახლო მომავალში“,- განაცხადა თემურ თორდინავამ.