დავით ნარმანია „ჩინეთის დღის“ ფარგლებში გამართულ კულტურისა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო

თბილისის მერი დავით ნარმანია „ჩინეთის დღის“ ფარგლებში გამართულ კულტურისა და ბიზნეს ფორუმს დაესწრო.
ღონისძიების მიზანია საქართველო–ჩინეთს შორის ბიზნეს და კულტურული ურთიერთობის გაღრმავება, ჩინური ტრადიციების, კულტურისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
ჩინეთის კულტურისა და ბიზნეს ფორუმი გლობალ მედია ჰოლდინგ “Gbtimes”–ის ორგანიზებით მოეწყო, რომელიც მსოფლიოს 25 ქვეყანაში მაუწყებლობს და ხელს უწყობს ჩინეთ–ევროპას შორის ბიზნეს და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას. მედია საშუალება საქართველოში წარმოდგენილია Jako FM-ის სახით.
დავით ნარმანიამ ორ ქვეყანას შორის ბიზნეს და კულტურულ ურთიერობებში შეტანილი წვლილისათვის „Gbtimes საქართველოს“ გენერალური დირექტორი მიხეილ ტარახჩევი სპეციალური სიგელით დააჯილდოვა.
თბილისის მერის თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტები ადასტურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, თანამშრომლობა სხვა სფეროებშიც უნდა გაღრმავდეს.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო გამოფენები, პერფორმანსები, გასართობი შოუები და კონცერტები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ჩინურ ფოლკლორსა და ნაციონალური სამოსის თავისებურებებს, საქართველოში არსებული ჩინური სამშენებლო და მულტიმედიური კომპანიების პროდუქციასა და ტექნოლოგიურ სიახლეებს გაცნობოდნენ.
ფორუმს ასევე ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი საქართველოში იუე ბინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, Gbtimes-ის ადგილობრივი და საერთაშორისო წარმომადგენლები.
ღონისძიება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლის საელჩოს, კონფუცის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები