როგორი ამინდია მოსალოდნელი – სინოპტიკოსების პროგნოზი
ხვალიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა ოდნავ მოიმატებს და დათბება – ამის შესახებ “კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოში განუცხადეს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 20-25 გრადუსი, აღმოსავლეთ საქართველოში კი, 16-21 გრადუსი იქნება. მაღალმთიან რაიონებშიც დღისით 15-17 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი ყინვა დაფიქსირდება და ჰაერის ტემპერატურა -2;-3 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ 12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში იწვიმებს, თუმცა ტემპერატურა 11 ოქტომბერთან შედარებით 1-2 გრადუსით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ასევე წვიმაა მოსალოდნელი.
რაც შეეხება საქართველოს დედაქალაქს, ხვალ თბილისში უნალექო ამინდი იქნება.
ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 20 გრადუსი დაფიქსირდება. 12 ოქტომბერს კი თბილისში, დღის მეორე ნახევარში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 21 გრადუსი იქნება.