თბილისში ფესტივალი – „კავკასიური ყველი 2015“ გაიხსნა
თბილისის მერი დავით ნარმანია ფესტივალს „კავკასიური ყველი 2015“-ს დაესწრო. მერმა ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიასა და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად გახსნა.
ფესტივალი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის ორგანიზებით, 10-11 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების მიზანია ქართული ყველის წარმოების ტრადიციების ხელშეწყობა და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლება.
დავით ნარმანიამ ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მერია ყოველთვის მზადაა, მხარი დაუჭიროს მსგავს ღონისძიებებს. მისი თქმით, ყველის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობისთვის ხელშეწყობა ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანია.
,,ღონისძიება ქართული ყველის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე სახეობების რაოდენობა მატულობს. ბევრი დაკარგვის პირას მყოფი სახეობა გადარჩა. მნიშვნელოვანია ყველის ინდუსტრიისა და, ზოგადად, სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, რასაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში ეკონომიკურად უფრო ძლიერები ვიქნებით. ის, ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თბილისის მერია მსგავს ღონისძიებებს ყოველთვის დაუჭერს მხარს“,- განაცხადა თბილისის მერმა.
ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან 60-მდე სახეობის ყველია წარმოდგენილი. სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ და შეიძინონ ყველის ოსტატების მიერ ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები და საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები.
პარალელურად, მოეწყობა ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა, სხვადასხვა შემეცნებითი წარმოდგენები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონკურსიც, სადაც წლის ყველის მწარმოებელი რეგიონი და ხალხის რჩეული ყველი გამოვლინდება. კონკურსის ჟიური დარგის სპეციალისტებით და ყველის ტექნოლოგებითაა დაკომპლექტებული. გამარჯვებულ რეგიონს, როგორც მომავალ მასპინძელს, ყველის ფესტივალის სიმბოლური გასაღები გადაეცემა.
ფესტივალს ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თბილისის მერიასთან ერთად, ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“ არიან.