ახალ წელს თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება

თბილისის მერიამ ანძის ახალ განათებასთან დაკავშირებით რამდენიმე უმსხვილეს საერთაშორისო კომპანიას მიმართა. შეთავაზების მიზანი, გონივრულ ვადაში მაღალ ხარისხსა და შედარებით დაბალ ფასზე ორიენტირებული წინადადების მიღება იყო. დედაქალაქის მერიის მიერ გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი იტალიურმა კომპანია – „გრივენიმ“ დააკმაყოფილა.

“ახალი წელი, რომელიც სიხარულთან და სიახლეებთან არის დაკავშირებული, გვინდა, რომ ჩვენი დედაქალაქისთვისაც სიახლეებით იყოს დატვირთული. სწორედ, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისის ანძა ახალი წლისთვის ახლებურად გავანათოთ, თანამედროვე მოწყობილობების და დეკორატიული განათების სისტემების გამოყენებით, რომელსაც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში მოიხმარენ. ჩვენ წინადადებები რამდენიმე კომპანიისგან მივიღეთ და შევარჩიეთ საუკეთესო – იტალიური კომპანია „გრივენი”. დღეს გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომელიც იტალიაში, უშუალოდ ადგილობრივ ქარხანაში დამზადებული დეკორატიული სანათების მოწოდებას, ასევე საპროექტო სამუშაოებში ხელშეწყობასა და დახმარებას ითვალისწინებს, იმ თვალსაზრისით, რომ შემდეგ, ჩვენი გარე განათების სამსახურის მიერ, იტალიიდან ჩამოტანილი სანათები დამონტაჟდეს. ვფიქრობ, რომ ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის და დარწმუნებული ვარ, რომ საახალწლოდ, ახლებურად განათებული ანძა თბილისელების მოწონებას დაიმსახურებს“, – განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

კომპანია „გრივენის“ ფასადების არქიტექტურულ განათებაში 25- წლიანი გამოცდილება აქვს. იტალიურმა კომპანიამ პირველმა დაიწყო დიდი სიმძლავრის LED – სანათების წარმოება და ამჟამად, დარგში ბაზრის ლიდერია.

მსოფლიოს მაშტაბით, კომპანიამ განახორციელა არაერთი დიდი პროექტი – „გრივენის“ მიერ იყო განათებული ეფიელის კოშკი 6 თვის განმავლობაში, საფრანგეთის ევროკავშირის პრეზიდენტობის აღსანიშნავად, ასევე, კომპანიის სახელს უკავშირდება გიზის პირამიდების განათება, ოლიმპიური სტადიონი ბაქოში, სატელევიზიო ანძა სოჭში, ბელგოროდსა და კრასნოდარში. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო იტალურ კომპანია „გრივენის“ ჰყავს პროფესიონალი ინჟინრები განათების დარგში, ასევე, არქიტექტორები, რომლებიც უნიკალურ პროექტებს ქმნიან. კომპანია საშუალებას იძლევა, მოხდეს სანათების ადგილზე მიწოდება და მონტაჟი. „გრივენის“ მომსახურებები, ადგილობრივი ტექნიკური პერსონალის გადამზადებასა და 10- წლიან გარანტიასაც ითვალისწინებს.
შპს „სინათლის ქალაქი“, საერთაშორისო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ანძაზე არსებული განათების ფრაგმენტულ დემონტაჟს განახორციელებს, რათა ანძა არცრთი დღით არ ჩაბნელდეს. აღნიშნული სამუშაოები 20 დღის ვადაში დასრულდება და კომპანია „გრივენის“ მიერ წარმოდგენილი პროექტის შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში ახალი სანათები დამონტაჟდება. სამუშაოები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გასტანს, ახალ წელს კი თბილისის ანძა ახალი განათებით შეხვდება.

დედაქალაქის ანძა დღეს 5 000 ცალი „ფლეშ“- სანათისგან შედგება, რომელიც 2010 წელს დამონტაჟდა. სანათების არასწორი სტანდარტებით დამონტაჟების გამო მათგან, დაახლოებით, ნახევარზე მეტი, დღეისთვის მწყობრიდან არის გამოსული. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ძველი ხელშეკრულების პირობებში, გათვალისწინებული არ იყო არც სანათების საგარანტიო პერიოდი და არც ექსპლუატაციის პერიოდში საჭირო სარემონტო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები