„მოამბის“ ახალი ხელმძღვანელი: ზოგჯერ ჩემთვის მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან ვურთიერთობდი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ზოგჯერ მისთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან ურთიერთობა საქმიანობიდან გამომდინარე უწევდა.
როგორც გვიმრაძემ განმარტა, ბოლო წლების განმავლობაში ანალიტიკური საქმიანობით იყო დაკავებული, რაც სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში მონაწილეობას გულისხმობდა.
გვიმრაძის განცხადებით, ის სომხეთში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს ეძღვნებოდა და მისი მოხსენება ევროპული არჩევანის უალტერნატივობას ეხებოდა.
„ბოლო წლების განმავლობაში დაკავებული ვიყავი ანალიტიკური საქმიანობით სტრატეგიულ გამოკვლევათა ცენტრში, რაც გულისხმობდა იმას, რომ სხვადასხვა ფორმატის ღონისძიებებში ვმონაწილეობდი. შესაბამისად, ვურთიერთობდი სხვადასხვა პოზიციის, ზოგჯერ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი პოზიციის მქონე ადამიანებთან. ასევე, ვმონაწილეობდი სომხეთში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ პროექტებს და ჩემი მოხსენება ეხებოდა ევროპული არჩევანის უალტერნატივობას.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ამ ფორმაციის რუსეთის ფედერაციასთან, მგონია, რომ საქართველოს ურთიერთობების მოწესრიგება შეუძლებელია. თუმცა, ასევე, ვადასტურებ, რომ ახალგაზრდული სამოქალაქო დიალოგის პროცესებში ვიყავი ჩართული და მგონია, რომ დიალოგი არის შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების ნეიტრალიზება მოხერხდეს“, – განაცხადა გვიმრაძემ. გვიმრაძის ინფორმაციით, საქართველოში 26 ოქტომბერს ბრიტანეთში დაფუძნებული საკონსულტაციო ორგანიზაცია ჩამოვა, რომელთან ერთადაც, ახალი ევროპული ტიპის ინტეგრირებული, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას დაიწყებენ.
„ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს გაფორმებული ურთიერთობა ბრიტანეთში დაფუძნებულ საკონსულტაციო ორგანიზაციასთან, როემლიც 26 ოქტომბერს ჩამოვა საქართველოში და ჩვენ მათთან ერთად დავიწყებთ ახალი ევროპული ტიპის ინტეგრირებული, მულტიმედიური საინფორმაციო სამსახურის ჩამოყალიბებას, რაც მოგვცემს უფრო მეტად მიუკერძოებელი და ობიექტური საინფორმაციო საქმიანობის წარმოების გარანტიას“, – განაცხადა გვიმრაძემ.
მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გვიმრაძე საქართველოს „ევრაზიულ კავშირში“ გაწევრიანების მომხრე და აქტიური მხარდამჭერია.
შეგახსენებთ, რომ მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, 2014 წელს გვიმრაძე არჩილ ჭყოიძესთან ერთად ევრაზიული კავშირის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას დაესწრო, რომელიც ერევანში გაიმართა. კონფერენციის შემდეგ კი ვახშამი გაიმართა. ვახშამს ჭყოიძესთან ერთად გიორგი გვიმრაძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები