ნინო ჩხობაძე: თბილისში პარკები და სკვერები შაგრენის ტყავივით მცირდება
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ნინო ჩხობაძის განცხადებით, დედაქალაქში რეკრეაციული ზონების კუთხით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. პრობლემებია სტანდარტებთან მიმართებაშიც, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარის თქმით, რა სტანდარტის და რა სახეობის ნერგი უნდა იყოს ქალაქში გამწვანებისთვის გამოყენებული, დღემდე დადგენილი არ არის.
„ძალიან მძიმე მდგომარეობაში გვაქვს რეკრეაციული ზონები, მილიონი ხე ქალაქს არ ეყოფა. პარკები და სკვერები ქალაქში შაგრენის ტყავივით მცირდება. ყველაზე დიდი პრობლემა იქნება სანერგე. ნერგები არის საქართველოში, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს, არის თუ არა ის სახეობები, რომლებიც ქალაქის გამწვანებისთვის არის აუცილებელი. ჩვენ ნერგთან მიმართებაში სტანდარტები არ გაგვაჩნია. წინა ხელისუფლების დროს დარგული ხეები გახმა და გახმა არა დაავადების, არამედ იმის გამო, რომ არასტანდარტული იყო. სტანდარტული ნერგის გამოყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნები არ არსებობს. რეკომენდაციები მერიას მივეცით. რა სტანდარტის და რა სახეობის ნერგი უნდა იყოს ქალაქში გამწვანებისთვის გამოყენებული, დღემდე დადგენილი არ არის“,- აღნიშნა ჩხობაძემ.