„მცენარეებს სოკოს დაავადება აღმოაჩნდათ,- შეიძლება თბილისის შემოგარენში ხელოვნური გამწვანება საერთოდ აღარ გვქონდეს“

„თბილისის შემოგარენში გამწვანების ადგილები უმძიმეს მდგომარეობაშია. მცენარეებზე გავრცელებულია სოკო, რომელიც განსაკუთრებით წიწვოვანებზე მოქმედებს და ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში წიწვოვანების ფოთლოვანი ხეებით ჩანაცვლებაა“,- აღნიშნული განცხადება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ნინო ჩხობაძის განმარტებით, დაავადების გავრცელების მიზეზი ტენიანობა და მაღალი ტემპერატურაა. გარემოს დამცველი ექსპერტის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ დაზიანებული ხეები სასწრაფოდ არ აღირიცხება, არ მოიჭრება და მათ ადგილზე ახლები არ დაირგვება, თბილისის შემოგარენში ხელოვნურად გამწვანებული ადგილები აღარ იარსებებს.
„წიწვოვანებიდან ერთადერთი მდგრადი აღმოჩნდა კედარი, ელდარის ფიჭვი მეტ-ნაკლებად უძლებს, მაგრამ ბოლომდე ვერა, რადგან მასაც სერიოზული დაავდება აქვს. სოკოვანი დაავადება არა მარტო თბილისშია გავრცელებული, მე იგივე ვნახე ლეჩხუმში, რაც დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი არ იყო. სერიოზული პრობლემა გვაქვს არა მარტო წიწვოვანებთან, არამედ ფოთლოვანებთან მიმართებაშიც. ეს პროცესები კიდევ უფრო ადრე საგარეჯოს ტყის მონაკვეთზე დაიწყო, რადგან იქ უფრო ადრე გავრცელდა დაავადება. ეს დაავადება კლიმატის ცვლილების ფონზე უფრო ინტენსიური გახდა.
თუ ქალაქის ხელისუფლება ექსტრემალურად არ მიიღებს ზომებს, ჩვენ შეიძლება შედეგად მივიღოთ ის, რომ თბილისის შემოგარენში ხელოვნურად გაკეთებული გამწვანება საერთოდ აღარ გვქონდეს. ქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა ტენდერი, რომელიც ჩაიშალა. ამ სეზონზე გამხმარი ხეები უნდა მოჭრილიყო და მათ ადგილას ახლები დარგულიყო. ტენდერი თავიდან გამოცხადდა. ასეთი ადგილებიდან ხეების ნაწილი მოსაჭრელი და გამოსატანია, მაგრამ ეს ძალიან საფრთხილოა, რადგან არასწორად მოჭრის შემთხვევაში არსებობს დაავადების გავრცელების საფრთხე. შესაძლებელია, რომ ამ სეზონზე, ნოემბერში და დეკემბრის დასაწყისში ყველაფერი მოესწროს და ახალი ხეები დაირგოს“,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის ნინო ჩხობაძის თქმით, თბილისში პრობლემა არსებობს: მთაწმინდის ფერდში, პრობლემაა ოქროყანაში, წყნეთისა და თბილისის ზღვის მონაკვეთებში, პრობლემებია ასევე მუხათგვერდის სასაფლაოსთან გამწვანებულ ტერიტორიებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები