პოლონეთის საელჩო და კომპანია „აგრომაქს დეკორი“ ორგანიზაცია „ბავშვთა გარემოს“ ტერიტორიის გამწვანებას უზრუნველყოფენ

თბილისში 1995 წლიდან არსებობს ორგანიზაცია, რომელიც საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ ნაწილს სიღარიბის პროგრამაში მყოფ, ქუჩაში მაცხოვრებელ და მომუშავე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სოციალურად დაუცველ ბავშვებს ეხმარება. არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა გარემო“ მისმა პრეზიდენტმა ნანა ნინოშვილმა სპეციალურად ბავშვების დასახმარებლად შექმნა.
ბავშვთა სახლისთვის შენობა სახელმწიფომ ორგანიზაციას 2009 წელს 20- წლიანი სიმბოლური იჯარით გადასცა, თუმცა აბასთუმნის ქუჩა №4 -ში მდებარე შენობა მთლიანად სარემონტო იყო. ტერიტორიის საერთო ფართი 3 000 კვადრატულზე მეტია, მასზედ არსებული შენობის ფართობი კი 1068 კვ მეტრს შეადგენს.
როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნანა ნინოშვილი იხსენებს, შენობა პრაქტიკულად შავი „კარკასი“ – საყრდენი კონსტრუქცია იყო, რომელსაც სერიოზული სარემონტო სამუშაოების ჩატარება სჭირდებოდა. შენობის კეთილმოწყობაში რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილეობდა თუმცა მასში ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირს და პოლონეთის საელჩოს მიუძღვის.
„იუნისეფმა და გაეროს ბავშვთა ფონდმა ყველაფერი იცოდა ჩვენს შესახებ, იცოდნენ, რომ გადმოგვცეს შენობა, რომელიც შავი „კარკასი“ იყო. იუნისეფის ხელმძღვანელმა მოიყვანა პოლონეთის საელჩოს თანამშრომელი. მათ აქვთ პროგრამა, რომელიც ასეთი დაწესებულების დახმარებას გულისხმობს და გადაწყვიტეს, დაგვხმარებოდნენ, დაგვიფინანსდა შენობის რემონტი. პირველი სართული მთლიანად პოლონეთის საელჩომ გაგვირემონტა, მანვე პირველ და მეორე სართულზე ცენტრი ავეჯით, ბავშვებისათვის საჭირო ნივთებით და სამზარეულოსთვის საჭირო ინვენტარით კეთილმოაწყო. მეორე სართული კი ევროკავშირის დაფინანსებით გარემონტდა“, – განაცხადა ნანა ნინოშვილმა.
პოლონეთის საელჩოს პოლიტიკისა და ეკონომიკის მიმართულების ხელმძღვანელის მარსინ ზოჩოვსკის თქმით კი, ეს ნაბიჯი მათი მხრიდან არა მარტო ბავშვთა ცენტრის, არამედ ქართველი ხალხის მხარდაჭერაა. მისი განმარტებით, სხვადსხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ მათი წვლილის შეტანის შემთხვევაში ცენტრის ბავშვებისთვის უკეთესი გარემო შექმნან და თბილისი ამით კიდევ უფრო უკეთესი გახადონ.
„ჩვენ დიდი ხანია ამ ცენტრთან ვთანამშრომლობთ, მათ სპეციალური აღჭურვილობით და ავეჯითაც დავეხმარეთ. წლების გამოცდილებით ჩვენ მივედით იმ იდეამდე, კარგი იქნებოდა ცენტრის ტერიტორიის კეთილმოწყობაზეც გვეზრუნა. ეს მნიშვნელოვანია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ადგილობრივი მოსახლებისთვისაც. ეს თბილისის მხარდაჭერაცაა. სხვადასხვა ორგანიზაციებს ამგვარი თანამშრომლობით შეუძლიათ უკეთესი გახადონ ქალაქი და გარემო, ხალხისთვის უფრო მეგობრული გახადონ. მოეწყობა სათამაშო მოედანი ბავშვებისთვის, ფიტნესი შეუზღუდული შესაძლეძლობის ბავშვებისთვის. ეს არ იქნება ერთჯერადი თანამშრომლობა, ჩვენ მათ მომავალშიც აღმოვუჩენთ დახმარებას“,- განაცხადა მარსინ ზოჩოვსკიმ.
ორგანიზაცია შეიქმნა იმისთვის რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის მრავალხრივი დახმარება გაწეულიყო. მათ ბენეფიციარებს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, სახელმწიფოს სიღარიბის პროგრამაში ჩართული ოჯახების ბავშვები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე სოციალურად დაუცველი ბავშვები მიეკუთვნებიან.
ცენტრს ეზოს კეთილმოწყობისთვის და ბავშვების დასასვენებლად შესაბამისი გარემოს შექმნისთვის, ცენტრს დახმარება, პოლონეთის საელჩოსთან ერთად, პოლონურ-ქართულმა კომპანია „აგრომაქს დეკორმა“ აღუთქვა. კომპანიის საქმიანობა სანერგე მეურნეობას – უნიკალური ჯიშის დეკორატიული ხეების, ბუჩქების და სხვა მრავალწლიანი საჯიშე მცენარეების მოშენებასა და განვითარებას მოიცავს.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა ვიოტეკ გრაბჩევსკიმ აღნიშნა, „კომპანია აგრომაქს დეკორის“ მეშვეობით ბავშვთა ცენტრის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა უნდა მოხდეს და მოეწყოს ისე, რომ ამ ცენტრში მყოფი ყველა ბავშვისთვის ნორმალური და ჯანსაღი გარემო შეიქმნას სადაც გაერთობიან და დაისვენებენ.
„ეს დახმარება გამწვანებას და ატრაქციონებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რომელიც ამ შენობაში მაცხოვრებელი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ისე სოციალურად დაუცველი სეგმენტისთვის იქნება. ეს ბავშვების განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ბავშვებს სჭირდებათ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, დასვენება, გაჯანსაღება. ასეთი ტიპის პროექტებით შესაძლებელია ამ ბავშვების ცხოვრება უკეთესი გავხადოთ. სპეციალურად ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანებისთვის ჩვენ მოწვეული გვყავს ძალიან გამოცდილი პოლონელი ლანდშაპტური დიზაინერი, რომელიც განწვანების დიზაინზე იზრუნებს“,- განაცხადა ვიოტეკ გრაბჩესკიმ.
ცენტრს, პოლონური კომპანია „აგრომაქს დეკორის“ გარდა, დიდუბე ჩუღურეთის გამგეობაც ეხმარება. დიდუბე – ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, ცენტრთან სტადიონის მოწყობა გადაწყდა. როგორც გრაბჩესკიმ განმარტა, მან დიდუბის გამგეობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის გალამაზებისთვის საერთო პროექტზე შეთანხმდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები