გლდანში ხუთი ახალი სკვერი გაიხსნა
გლდანის რაიონში რამდენიმე მიკრორაიონსა და გლდანის ხევში სკვერის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. თითოეულ სკვერში დაიგო კაუჩუკის ხელოვნური საფარი და მოეწყო ატრაქციონები, რომლებიც ბავშვებისთვის გასართობ გარემოს ქმნიან, ასევე დაიდგა სკამები და მოეწყო დასასვენებელი პავილიონები, სადაც ნებისმიერი ასაკის ადამიანებს შეეძლებათ დაისვენონ. სეზონის დადგომისთანავე, გლდანის რაიონის გამგეობა მიმდებარე კორპუსის მაცხოვრებლების ჩართულობით, გეგმავს აღნიშნული სკვერების გაზონების გამწვანებას.
ერთ- ერთ სკვერს ქართველი მხატვრის, დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭა. სკვერში წარმოდგენილი იყო მხატვრის ნამუშევრები. გახსნას მხატვრის ოჯახის წევრები და ახლობლები ესწრებოდნენ. ასევე მოწვეული იყო თბილისის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე.
,,დღეს კიდევ ხუთი სკვერი გავხსენით, მათ შორის ერთ- ერთს მხატვარ დათო კრაწაშვილის სახელი მივანიჭეთ. გარდა ამისა, ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ძალიან მალე გავამწვანებთ ყველა იმ სკვერს, რომელიც ამ ბოლო ორი კვირის მანძილზე გავხსენით. აქ შექმნილია ყველა პირობა მოსახლეობის მოსასვენებლად და გასართობად“,-განაცხადა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ ქარცივაძემ.