„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პატრონაჟით, 2015 წლის 15-16 ოქტომბერს თბილისში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ პირველად ჩატარდება. მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოში ცნობილი ეკონომისტი ჰერნანდო დე სოტო ეწვევა.
ფორუმში ასევე, არაერთი წარმატებული პოლიტიკოსი, საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი და ბიზნესმენი მიიღებს მონაწილეობას.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰერნანდო დე სოტო 15 ოქტომბერს „აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნის ცერემონიალს გუძღვება.
ჰერნანდო დე სოტო ამჟამად თავისუფლებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (ILD) პრეზიდენტია. ინსტიტუტი მსოფლიოში აღიარებული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა, რომლის სათავო ოფისი პერუს დედაქალაქ ლიმაშია განთავსებული. ორგანიზაცია მიზნად ისახავს განვითარებადი ქვეყნებისთვის ქონებისა და ბიზნესის უფლებების რეფორმების კუთხით დახმარებას. გაზეთმა Handelsblatt-მა ჰერნანდო დე სოტო ჩვენი დროის ერთ-ერთ გამორჩეულ მოაზროვნედ დაასახელა, გამოცემებმა Time და Forbes – წამყვან ნოვატორად, ხოლო Prospect and Foreign Policy-მ მსოფლიოს ტოპ 13 „საჯარო ინტელექტუალების“ სიაში შეიყვანა. წარსულში დე სოტო იკავებდა ისეთ პოზიციებს, როგორიცაა: Copper Exporting Countries Organization-ის აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდენტი, Universal Engineering Corporation-ის აღმასრულებელი დირექტორი, Swiss Bank Corporation Consultant Group-ის დირექტორი და პერუს ცენტრალური სარეზერვო ბანკის მმართველი. ჰერნანდო დე სოტომ კონსულტაცია გაუწია რამდენიმე ქვეყნის მთავრობას ქონების რეფორმის კუთხით. მისი ავტორობით 1980-იან წლებში გამოიცა წიგნი „სხვა გზა“ (The Other Path), მასვე ეკუთვნის შთამბეჭდავი ნაშრომი „კაპიტალის მისტერია“ (The Mystery of Capital).