ქობულეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა სასტუმროებში გადაანაწილეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ თხილაიშვილი მუნიციპალიტეტში შექმნილ სტიქიასთან ბრძოლის შტაბის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის უფროსები. ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე ქობულეთში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს, გაცვალეს ინფორმაციები და სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად სამოქმედო გეგმა შეადგინეს.
“დაზარალებული მოსახლეობა ევაკუირებულია, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით ისინი სასტუმროებში გადანაწილდნენ, სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხები და დაზარალებული მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნა საკვები პროდუქტებით. მუნიციპალიტეტში შექმნილი სტიქიასთან ბრძოლის შტაბი საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპრეატიულად განხორციელების მიზნით მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დამატებითი სამაშველო ბრიგადები და ტექნიკა, მიმდინარეობს დაზიანებული ადგილების მონაცემთა ბაზის შექმნა“,-აღნიშნულია ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები