ჟენევის მოლაპარაკებების რაუნდზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს

ჟენევის მოლაპარაკებების 33-ე რაუნდზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი იმყოფებოდა. მოლაპარაკებებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. 33-ე რაუნდზე ჰუმანიტარული საკითხები, რუსეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაციები და გალის სკოლებში ქართული ენის სწავლების შეზღუდვა განიხილეს.
ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს ევროპისა და ამერიკელი პარტნიორებისგან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. მინისტრის მოადგილე იმედოვნებს, რომ მოსახლეობის უფლებები აღარ შეილახება.
“გალის რაიონში არის მიზანმიმართული მცდელობა რუსიფიკაციისა. სკოლები ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ფორმალურად რუსული, მაშინ, როდესაც მოსწავლეთა 97% და მასწავლებელთა 90%-ზე მეტი ეთნიკურად ქართველია. მათთვის მშობლიური ენა არის ქართული. განვიხილეთ სხვა საკითხებიც, დამატებითი ინციდენტები, პროვოკაციები, რასაც ადგილი ჰქონდა რუსეთის მხრიდან. კერძოდ, ბანერების განთავსებას, ვგულისხმობ ცხინვალის მიმართულებით, რომლის ჰუმანიტარული შედეგიც გახლავთ ის, რომ 150-მდე ოჯახმა დაკარგა მიწა. ჩვენი ამოცანა იყო არა მხოლოდ პრობლემების დასახელება, არამედ ამ პრობლემების მოგვარების გზის შეთავაზება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წინადადება იყო ის, რომ მინიმუმ, ამ მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა მიწებზე. გვქონდა სრული მხარდაჭერა ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისაგან. იმედი მაქვს, რომ ამ საერთო ძალისხმევას შეიძლება გარკვეული პრაქტიკული შედეგები ჰქონდეს მოსახლეობისათვის, რომ მათი უფლებები დამატებით აღარ შეილახოს”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები