აუდიტის სამსახურმა გლდანისა და სამგორის გამგეობების საქმიანობაში გამოვლენილი დარღვევები გაასაჯაროვა

სახელმწიფო აუდიტის სამსახური გლდანისა და სამგორის რაიონული გამგეობების 2013-2014 წლებისა და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობის პროცესში გამოვლენილ დარღვევა-ნაკლოვანებებს ასაჯაროებს.
როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, თბილისის მერიის ადმინისტრაციის აუდიტის პროცესში გამოიკვეთა მთელი რიგი არასწორი საკადრო პოლიტიკისა და არაეფექტური მართვის პრობლემები, რომელთა შესახებ, მათი თმით, ინფორმაცია აუდიტის დასრულების შემდეგ გასაჯაროვდება.
„სამგორისა და გლდანის რაიონების 2013-2014 წლების და 2015 წლის 6 თვის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა სხვადასხვა სახის დარღვევა-ნაკლოვანებები. მათ შორის, უმწეო მოქალაქეების უფასო სასადილოებით მომსახურების შესყიდვისას, შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს აფიდავიტის მოთხოვნების დარღვევებს, რამაც საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვა გამოიწვია.
უფასო სასადილოებისთვის 2013 წელს გამოცხადებული ტენდერების მონაწილეები ძირითადად შპს „ილი“ („ილი ჯგუფი“) და შპს „ლიზი“ არიან. მომსახურების შესყიდვისას გამგეობის სატენდერო კომისიამ ოთხჯერ მოახდინა შპს „ლიზის“, ხოლო ერთხელ – შპს „ილის“ დისკვალიფიკაცია. დისკვალიფიკაციის მიზეზი ხუთივე შემთხვევაში იდენტურია – ფასების ცხრილისა და ტექნიკური დოკუმენტაციის, კერძოდ, სასადილოს მოსაწყობად საჭირო ფართის ფლობის დამადასტურებელი საბუთის დაუზუსტებლობა.
ჩვენს ხელთ არსებული სატენდერო დოკუმენტაციის შესწავლით ირკვევა, რომ იმ შემთხვევაში, როცა პრეტენდენტების მიერ შეთავაზებული მიწოდების საბოლოო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისაგან, დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტს არ აქვს წარდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია. კომისიამ, დაბალი ფასის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველზე, ხელშეკრულება უფრო მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტთან გაააფორმა, რამაც შესყიდვის ღირებულების გაზრდა გამოიწვია. დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტების დისკვალიფიკაციითა და უფრო მაღალი ფასის პრეტენდენტთან გაფორმებული ხელშეკრულებებით, შესყიდვის ჯამური ღირებულება გაიზარდა 92.4 ათასი ლარით.
არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ პრეტენდენტებმა დაარღვიეს საქართველოს შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული აფიდავიტის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, კონკურენტებს ეკრძალებათ კომუნიკაცია, შეთანხმება, ან მოლაპარაკება, სატენდერო წინადადების ფასის და წინადადების წარდგენის, ან წარდგენისაგან თავის შეკავების შესახებ. შპს „ლიზი“ და შპს „ილი“, მეტი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სავარაუდოდ, მოქმედებდნენ ურთიერთშეთანხმებით. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აუდიტის ობიექტი ვალდებული იყო შეესწავლა აღნიშნული საკითხი და გაეტარებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები“, – აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები