დღეს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა თეკლას ხსენების დღეს აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მოციქულთასწორის წმინდა თეკლას ხსენების დღეს აღნიშნავს. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.
წმინდა პირველმოწამე, მოციქულთასწორი თეკლა ქალაქ იკონიაში I საუკუნეში დაიბადა. იგი დიდგვაროვანი და მდიდარი ოჯახის შვილი იყო და განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა.
თვრამეტი წლის თეკლა დიდგვაროვანზე დანიშნეს, მაგრამ წმინდანმა იმ პერიოდში ქალაქში ჩასული პავლე მოციქულის ქადაგება მოისმინა. მთელი გულით შეიყვარა მაცხოვარი და მტკიცედ გადაწყვიტა, ქრისტესთვის ქალწულება დაემარხა. ამისთვის მისმა დედამ შვილის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. წმ. თეკლას ცეცხლში დაწვა მიუსაჯეს. მას თავად მაცხოვარი გამოეცხადა, რომელმაც იგი კოცონზე დაწვისგან სასწაულებრივად იხსნა. პავლე მოციქულის კურთხევით, წმიდანი ისავრიის სელევკიასთან, კალამონის უდაბური მთის გამოქვაბულში დამკვიდრდა და ღვთის სიტყვის ქადაგებდა. მან ქრისტეს სჯულზე უამრავი კერპთმსახური მოაქცია, რის გამოც ეკლესია მას მოციქულთასწორს უწოდებს.