ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის აღწერა ჩატარდება
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 15-30 ოქტომბერს მოსახლეობის აღწერა ჩატარდება. ამ პროცესისთვის მზადება აქ 2014 წლის შემდეგ მიმდინარეობს. სააგენტო „რესის“ ცნობით, ეს საკითხები ე.წ. პრემიერ- მინისტრ დომენტი კულუმბეკოვთან გამართულ თათბირზე განიხილეს.
როგორც ე.წ. სტატისტიკის სამსახურის ხელმძღვანელმა ინალ თიბილოვმა განაცხადა, მოსახლეობის აღწერა ოკუპირებული რეგიონში 1989 წლის შემდეგ არ ჩატარებულა.
„მოსახლეობის აღწერა უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომლის განხორციელებაც რუსეთთან სამეკავშირეო ხელშეკრულების შემდეგ არის აუცილებელი. დღეისათვის აღწერის ჩასატარებლად ტექნიკური ბაზა მზად არის. ჩატარებულია შესაბამისი საინფორმაციო კამპანია“. – განაცხადა თიბილოვმა.
აღწერის შედეგები 2016 წლის დასაწყისში გამოქვეყნდება.