გიორგი მარგველაშვილი: ყველა პოლიტიკოსისგან, ველი მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას

„რუსთავი – 2“ ქართველი საზოგადოების მონაპოვარია“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გადაცემა „არჩევანში“ ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენების შეფასებისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, თავისუფალი მედია დემოკრატიის გაღრმავებასა და განვითარებას უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გააკეთებს, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, სასამართლო დავა ამ შემთხვევაში კომპანიის მეწილეებს ეხება.
„ამ დავას აქვს თავის ლოგიკა. „რუსთავი -2“, ისევე, როგორც ნებისმეირი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესკომპანია. „რუსთავი 2“- ის საქმიანობის მომხმარებელი არის ქართული საზოგადოება, შესაბამისად, მაღალი ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია ფუნქციონირებდეს საზოგადოებისთვის, არის შენარჩუნებული.
მოდით განსვასხვავოთ, ერთი არის სასამართლო საქმე, მიმდინარე დისკუსიები რაც არსებობს, მეორე არის ის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქისთვის განურჩევლად იმისა, მოსწონს თუ არა „რუსთავი 2“ -ის ტონი, ან პათოსი, ყველა მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია, რომ მედია და მედიასაშუალებების დამოუკიდებლობა იყოს შენარჩუნებული.
მაშინ, როდესაც ისმებოდა კითხვის ნიშნები თავისუფალი მედიის შეზღუდვის თაობაზე, მაშინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს სწორედ „რუსთავი 2“-ს დაუდგა სირთულე, ამის შედეგად ჩვენ გვახსოვს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შინაგან საქმეთა მინისტრს და მთავარ პროკურორს მოუხდათ თანამდებობების დატოვება.
გაგახსენებთ შემდეგ ეტაპს, კიდევ უფრო მძიმე ეტაპს წარსულისა, როდესაც იმედის დახურვას გადაყვა საქართველოს პრეზიდენტის ვადა და პრეზიდენტი სააკაშვილი გახდა იძულებული სწორედ იმიტომ, რომ მედიის საკითხები იყო ხელშეხებული, გადამდგარიყო.
აქედან გამომდინარე, მე მჯერა, რომ ეს მეხსიერება პოლიტიკოსებში არის. მე დღეს ყველა პოლიტიკოსისგან, განურჩევლად რომელ პოლიტიკურ ბანაკს ეკუთვნის, რა დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ კომპანიასთან, ამა თუ იმ მაუწყებელთან, რა ეთერები ჰქონდა, კარგი თუ ცუდი, მე ველი ყველასგან მედიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერას.
რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს სასამართლო პროცესში ჩარევას, მაგრამ რიტორიკა ჩვენთვის, როგორც პოლიტიკოსებისთვის, როგორც დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკოსებისგან, რომელთაც ჩვენი დემოკრატიულობის განვითარება და საზოგადოებასთან ურთიერთობა შეგვიძლია ამ და სხვა ეთერებით, ხაზგასმით უნდა იქნას ეს ღირებულებები დაფიქსირებული“, – განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები