თბილისის საკრებულოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო მიღება გაიმართა

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ორგანიზებით საზეიმო მიღება გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემელაძე, დეპუტატები, განათლების სისტემის მოღვაწეები, ასევე დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 100-მდე მასწავლებელი ესწრებოდნენ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყველა მასწავლებელს პროფესიული დღესასწაული მოულოცა და იმ მიღწევებზე ისაუბრა, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა ქვეყანაში. პრემიერმა ხაზი მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ტენდენციას გაუსვა და ამასთან, განათლების მინისტრს ამ დღის პომპეზურად აღნიშვნისკენ მოუწოდა. ,,მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო და ღირსეული პროფესიაა. მას მხარდაჭერა სჭირდება. ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ მასწავლებლის პროფესია დაფასდეს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესება, მოტივაციის ამაღლება, ხელფასების ზრდაა’’,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პროფესიული დღე პედაგოგებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მიულოცა და მთ პროფესიული წინსვლა და წარმატება უსურვა. მასწავლებლების ღვაწლსა და დამსახურებაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა. ,,გვჯერა, რომ სახელმწიფოს წარმატება თუ წარუმატებლობა განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ პრობლემები და ვეცადოთ, მომავალი უკეთესი გვქონდეს’’,- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა. ღონისძიების დასასრულს, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. 5 ოქტომბერი იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედაა აღიარებული და ეს დღე 1994 წლიდან მსოფლიოს 100 -ზე მეტ ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები