საბურთალოს რაიონის გამგეობა პრემიების თემას საგანგებო განცხადებით ეხმაურება
საბურთალოს რაიონის გამგეობაში როგორც პრემიების ოდენობა, ისე ადმინისტრაციული ხარჯები, წინა წლებთან შედარებით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგეობის განცხადებაშია აღნიშნული. „ბოლო პერიოდში თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გამგეობების წინააღმდეგ მედიაში დაწყებული მიზანმიმართული კამპანია გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი უსაფუძვლო ბრალდების შემდეგ ოფიციალური პირების მხრიდან არაერთი განმარტება გაკეთდა. მორიგი ცრუ ბრალდებები გამგეობების ხელმძღვანელი პირების მისამართით 4 ოქტომბერს სატელევიზიო ეთერით გასულ კიდევ ერთ სიუჟეტში გაჟღერდა. ამავე რეპორტაჟში ადგილი ჰქონდა ბევრ ფაქტობრივ უზუსტობას, მათ შორის საბურთალოს გამგეობის საქმიანობის შესაფასებლად ვაკის რაიონში ჩატარებულ ქუჩის გამოკითხვას. რაც შეეხება გამგეობებში პრემიებისა და დანამატების გაცემის თემას, რომელზე აპელირებაც არა მხოლოდ მედიის, არამედ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის მიერაც აქტიურად ხდება და ეს თემატური სინქრონი სხვა ეჭვებსაც ბადებს, გვსურს განვაცხადოთ, რომ როგორც პრემიების ოდენობა, ისე ადმინისტრაციული ხარჯები წინა წლებთან შედარებით ახალი ადმინისტრაციის პირობებში მნიშვნელოვნად არის შემცირებული. ქვემოთ მოცემულ ცხრილში ნათლად ჩანს, რომ 2013-2014 წლების ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გაცემული პრემიების ოდენობა 17%-ით, ანუ 20,000 ლარით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მონაცემებს; საახალწლო პრემიების სახით ახალი ადმინისტრაციის მიერ გაცემული თანხები კი 54%-ით ნაკლებია 2013 წელს გაცემულ პრემიებთან შედარებით. ივნისი, ივლისი, აგვისტო – სულ პრემია: 2013 119,085; 2014 117, 660; 2015 98,860. სულ საახალწლო პრემია: 2013 171,800; 2014 78,300. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაღალი თანამდებობის პირებისთვის შემცირებული სახელფასო დანამატების ხარჯზე გაიზარდა საშუალო და დაბალი რგოლის საჯარო მოხელეებისათვის გაცემული დანამატების ოდენობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საზოგადოებას, არ აჰყვნენ მსგავს პროვოკაციულ განცხადებებსა და დეზინფორმაციას, რომელიც აშკარად პოლიტიკურ ხასიათს ატარებს, ჩვენი მხრიდან კი ნებისმიერ ასეთ უსაფუძვლო ბრალდებას მყისიერად გაეცემა დასაბუთებული პასუხი“, – აცხადებენ გამგეობაში.