“როდის იყავით იმის წინააღმდეგი, რაც დავითაშვილის, თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა” – ბესელია “ნაციონალებს” მიმართავს
როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა, – ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას, რომელიც მათი სამი მხადამჭერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ სპეციალური რეზოლუციის მიღებას ეხებოდა.
ბესელია კი ამბობს, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მისი გადაწყვეტილებების რევიზიას პარლამენტი არ დაუშვებს.
„სასამართლოს გადაწყვეტილება არის ისეთი, როგორიც არის. ვის, როდის, რა დოზით, რა ფორმით, რა მოცულობით, რას შეუფარდებს – ამის რევიზიას აქ ვერ და არ გავაკეთებთ. არ ვიცი, როდის იყავით თქვენ იმის წინააღმდეგი, რაც კობა დავითაშვილის, ზურაბ აბაშიძისა თუ ვალერი გელაშვილის მიმართ მოხდა. ჩვენ ვიცით ის, რომ თქვენი მაშინდელი სამი კოლეგა ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ჩვენ არავისთვის არ გვინდა ამგვარი რამ და არც წიწილებიანი თუ დაჩიტულკვერცხებიანი ფორმის საგნების სროლა”, – მიმართა ეკა ბესელიამ “ნაციონალებს”. შეგახსენებთ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პარლამენტისგან რეზოლუციის მიღებას ითხოვს.
რეზოლუციის მიღების საკითხი ბიუროს სხდომაზე ოპოზიციონერმა, ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ დასვა.
ბარამიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს შერჩევით და პოლიტიკურად მოტივირებულ სამართალს, რაც ვითარების ესკალაციას ახდენს და საზოგადოება გაყოფისკენ მიჰყავს.