კახა კახიშვილი ოფიციალური ვიზიტით მოლდავეთის რესპუბლიკას ეწვევა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი მოლდავეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით 6 ოქტომბერს ეწვევა.
უწყების ინფორმაციით, კახიშვილი კიშინიოვში მოლდავეთის იუსტიციის მინისტრმა ვლადიმირ ჩებოტარმა მიიწვია, რომელთანაც შეხვედრებს გამართავს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი პენიტენციური ინსტიტუტის დეპარტამენტში მოლდავეთის პენიტენციური სისტემის შესახებ პრეზენტაციას დაესწრება.
ღონისძიებაზე პენიტენციური სისტემის რეფორმების სტრატეგიასა და მიღწევებს განიხილავენ.
გარდა ამისა, საუბარი შეეხება პენიტენციური რეფორმის კონცეფციას, მათ შორის საკანონმდებლო ასპექტებს, საუკეთესო პრაქტიკას, რეკომენდაციებსა და არსებულ გამოწვევებს.
კახა კახიშვილი პრობაციის ცენტრალურ ოფისსაც ეწვევა, სადაც მოლდავეთის პრობაციის სისტემას გაეცნობა. მხარეები ერთმანეთს ამ სფეროში არსებულ გამოცდილებას გაუზიარებენ და ინფორმაციას გაცვლიან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი მოლდავეთში ვიზიტის ფარგლებში, N15 პენიტენციურ დაწესებულებასაც დაათვალიერებს, რომელიც ქალაქ კრიკოვაში მდებარეობს.
კახა კახიშვილი საქართველოში 10 ოქტომბერს დაბრუნდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები