გიორგი კვირიკაშვილი: ბან კი მუნმა საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა
საქართველოს საკითხი ყოველთვის იქნება გაეროს მაღალი დონის დღის წესრიგში – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გაეროს გენერალურ მდივანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბან კი მუნთან შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. გაეროს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა და შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზთან განვითარებული მოვლენების გამო.
“საქართველოს პრემიერმა მას დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ მძიმე ჰუმანიტარული ვითარების გამო, რაც საოკუპაციო ხაზზე ბოლოდროინდელი პროცესების გამო შეიქმნა და ასევე იმ პრობლემებზე, რაც არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. პრემიერმა ხაზი გაუსვა აფხაზებთან და ოსებთან ნდობის აღდგენის აუცილებლობას და ამ მიმართულებით მთავრობის გეგმებსა და უკვე გადადგმულ ნაბიჯებს. ვისაუბრეთ ჟენევის მოლაპარაკებებზე, მისი მხრიდან აღინიშნა ამ მოლაპარაკებების მნიშვნელობა და ასევე გენერალურმა მდივანმა მკაფიო მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს პოზიციისადმი ყველა იმ საკითხზე, რაც განიხილება ჟენევის ქოლგის ქვეშ. ძალიან პოზიტიური შეხვედრა იყო და მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს საკითხი, მისი პრობლემები სულ იქნება გაეროს მაღალი დონის დღის წესრიგში”, – განაცხადა მინისტრმა.