ნანა კაკაბაძე: უსინდისობაა, როცა აცხადებ, რომ მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ იყო და არც უწამებიათ

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას მიერ “კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, რომ სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მწვავედ აკრიტიკებს.

კაკაბაძე რურუას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის ყოფილი წარმომადგენელის მათიას იორშის მიერ 2004 წელს სულხან მოლაშვილის საპატიმროში მონახულების შემდეგ გაკეთებულ შეფასებებს ახსენებს. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მათიას იორში მოლაშვილის მდოგმარეობით და მის საკანში არსებული სავალალო პირობებით ძალიან შეშფოთდა და ამის შესახებ იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ესაუბრა. „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის თქმით, როდესაც გახმაურდა,რომ მათიას იორში მოლაშვილის პირადად მონახულებას აპირებდა, მიხეილ სააკაშვილმა ყველა ღონე იხმარა, რომ ის არაადამიანური პირობებიდან შედარები უკეთეს საკანში გადაეყვანათ,თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

“ნიკა რურუას თუ დაავიწყდა, მინდა გავახსენო, მათიას იორშის მიერ სულხან მოლაშვილის პირადად მონახულების შემდეგ გაკეთებული შეფასებები, იორში აღშფოთებას ვერ მალავდა ნანახის გამო. სულხან მოლაშვილის ფიზიკურ მდგომარებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მას საკანში არ ჰქონდა ელემენტარული პირობები-სინათლე, ლეიბი, ფეხზე უწევდა ღამეების თენება. მათიას იორში, რომლიც ელენე თევდორაძესთან ერთად იმყოფებოდა მოლაშვილთან აღშფოთებული იყო ნანახით და იმ არაადამიანური პირობებით, რა პირობებშიც მოლაშვილი ჰყავდათ მოთავსებული.

ვიდრე იორში მოინახულებდა მოლაშვილს, მე ვიყავი მის საკანში და მახსოვს, რომ შევედით და კარის გაღებისას სინათლე მოხვდა თვალებში შეუძლოდ გახდა და ჩაიკეცა, იმიტომ რომ სიბნელეში ამყოფებდნენ – ეს იყო საწამებელი საკანი. სააკაშვილი ყველაფერს ცდილობდა, რომ მათიას იორშს ეს სურათი არ ენახა და არ შესულიყო სასჯელაღსრულების მეშვიდე დაწესებულებაში, მაგრამ საბედნიეროდ, ეს ვერ მოახერხა.

უსინდისობაა, როცა წინ გიდევს ფაქტები და მაინც აცხადებ, რომ მოლაშვილი პოლიტპატიმარი არ იყო და არც უწამებიათ. სულხან მოლაშვილი შეთითხნილი ბრალდებებით – 100-ლარიანი პრემიების გაცემის გამო დააკავეს, მოლაშვილს ამ პრემიებიდან თავად ერთი თეთრიც არ აუღია, მაშინ როცა “ნაციონალები“ საკუთარ თავებს ათიათასობით პრემიებს უწერდნენ“, – განუცხადა “კვირას“ ნანა კაკაბაძემ.

კაკაბაძე რურუას პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებსაც ახსენებს.

„ძალიან ბევრი პოლიტპატიმარის და მათთვის “შეკერილი“ საქმეების დასახელება შემიძლია – “მუხროვანის ამბოხი“, “ფოტოგრაფების საქმე“, ვახტანგ მაისაიას წინააღმდეგ განხორციელებული ზეწოლა – ეს იმ საქმეების ძალიან მცირე ჩამონათვალია, რა საქმეებზეც სრულიად უკანონოდ აღუკვეთეს პატიმრობა არაერთ ადამიანს. “ნაციონალების“ კისერზეა ვაზაგაშვილების, სანდრო გირგვლიანის, ბუტა რობაქიძის სისხლი, კიდევ ბედავენ და თავის მართლებას ცდილობენ“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები