გიორგი მარგველაშვილი ვილსონის ცენტრში სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვუდროუ ვილსონის სახელობის საერთაშორისო ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა.
ვილსონის ცენტრის პრეზიდენტმა ჯეინ ჰარმანმა შეკრებილ საზოგადოებას გიორგი მარგველაშვილი წარუდგინა, როგორც განათლებული და მოაზროვნე პოლიტიკოსი.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება საქართველოში არსებულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებზე, გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე, ასევე ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ, გლობალურ და რეგიონალურ გამოწვევებზე გაამახვილა.
გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა და ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია კასპიისა და შავი ზღვის რეგიონის სატრანზიტო ქვეყნის რანგში.
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ამერიკის ხელისუფლებას საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისათვის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის პროცესში.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიებას აკადემიური, პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, ექსპერტები და სტუდენტები დაესწრნენ.