ირაკლი შიხიაშვილმა დღესასწაულებზე საკუთარ თავს, 5 800 ლარის ოდენობის პრემია გამოუწერა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელს ირაკლი შიხიაშვილს 2015 წელს ახალი წლის და აღდგომის სადღესასწაულო დღეებთან დაკავშირებით მიღებული აქვს სულ 5 800 ლარის ოდენობის პრემია – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
ორგანიზაცია „IDFI”- ის ინფორმაციით, 2015 წლის 24 ივლისის საქართველოს მთავრობის განკარგულების მიხედვით ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს ირაკლი შიხიაშვილს დაუწესდა ყოველთვიური სახელფასო დანამატი 1800 ლარის ოდენობით (დირექტორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2900 ლარს) და მიეცა მას უფლება სამსახურის თანამშრომლებზე გაეცა დანამატები.
2015 წლის 27 ივლისს მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის სამი დღის წინანდელი განკარგულებით სამსახურის უფროსისათვის სახელფასო დანამატი განისაზღვრა 1800 ლარის ოდენობით, ირაკლი შიხიაშვილმა თავის თავზე გასცა თანამდებობრივი სარგოს ოდენობის (2 900 ლარი) სახელფასო დანამატი.
2015 წელს 6840 ლარის ოდენობის პრემია გაცემულია შტატგარეშე მოსამსახურეებზეც. დღეის მდგომარეობით სამსახურში დასაქმებულია 14 შტატგარეშე თანამშრომელი, რომელთა შრომის ანაზღაურებამ 2015 წელს სულ შეადგინა 48 960 ლარი.
ამავე დოკუმენტში, ორგანიზაცია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სამივლინებო ხარჯებსაც ასაჯარაოებს.
„2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამდებობის პირების სამივლინებო ხარჯებმა სულ შეადგინა 23 204 ლარი, საიდანაც დირექტორის მივლინებებზე დახარჯულია 16 143 ლარი. აღნიშნულ პერიოდში დირექტორი მივლინებით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში (დღიური ნორმა – 1700,72 ლარი, მგზავრობის ხარჯი 2300,1 ლარი, სასტუმროს ხარჯი – 4677ლარი, დაზღვევის ხარჯი 15 ლარი), გერმანიაში (დღიური ნორმა – 278,04 ლარი, მგზავრობის ხარჯი 875,3 ლარი, სასტუმროს ხარჯი – 746,33ლარი), ნიდერლანდებში (დღიური ნორმა – 499,99 ლარი, მგზავრობის ხარჯი 409,4 ლარი, სასტუმროს ხარჯი – 1219,5 ლარი), ისრაელში (დღიური ნორმა – 897,87 ლარი, მგზავრობის ხარჯი 915,3 ლარი, სასტუმროს ხარჯი – 1 607,93 ლარი).“ – აღნიშნულია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2015 წლის ბიუჯეტი განსაზღვრულია 7 450 000 ლარით, საიდანაც 1 810 000 ლარი გათვალისწინებულია აღნიშნულ უწყებაში დასაქმებული 106 საშტატო ერთეულის შრომის ანაზღაურებისათვის.
ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ 2014 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმით ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ბიუჯეტი, ვეტერანთა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსაზღვრული იყო 3 528 400 ლარით, თუმცა აღნიშნული თანხიდან სამსახურის მიერ ათვისებული იქნა მხოლოდ 1 889 099 ლარი (53,5%). აღნიშნული განპირობებულია იმ ფაქტით, რომ 2014 წელს შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული 1 407 900 ლარიდან ათვისებული იქნა მხოლოდ 823 426 ლარი, ხოლო საქონელი და მომსახურებისათვის გათვალისწინებული 1 452 900 ლარიდან მხოლოდ 1 003 602 ლარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები