შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემებს აქვეყნებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი გასული თვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს. როგორც სტატისტიკაშია აღნიშნული, 2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+9%), სომხეთიდან (+6,9%), აზერბაიჯანიდან (+6%), რუსეთიდან (+12,6%) და უკრაინიდან (+11,7%) განხორციელდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-სექტემბერშიც გამოირჩნენ ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, იტალია, გერმანია და ლატვია (შესაბამისად 20%, 17%, 12%, 12% და 11%), შუა აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთი (34%), აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან – ბელორუსია (54%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (38%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბათა გაერთიანებული საემიროები 814% და საუდის არაბეთი – 84%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 9%-იანი ზრდა. „2015 წლის სექტემბრის თვე 568 663 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 12,6 %-ით მეტია. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 227 130 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 39,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 15,8%); ბ) ტრანზიტი – 143 258 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 25,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,4%); გ) სხვა – 198 275 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 34,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 10,8%). რაც შეეხება იანვარ-სექტემბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 4 491 039 ვიზიტი განხორციელდა, რაც 6,7%-ით მეტია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე“, – აღნიშნულია სტატისტიკაში.