საკრებულოს დელეგაცია ბრისტოლის მერიის სოციალური საკითხების სამსახურის უფროსს შეხვდა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დელეგაცია ბრიტანეთში ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ბრისტოლის მერიის სოციალური საკითხების სამსახურის უფროსს ანნა ჯოსლინგს შეხვდა.
საკრებულოს დეპუტატები ბრიტანეთში ბრისტოლ – თბილისის ასოციაციისა და მისი პრეზიდენტის დერეკ პიკაპის მიწვევით იმყოფებდნენ.
ანნა ჯოსლინგთან შეხვედრაზე ქართული დელეგაციის წევრები – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი, სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მალაღურაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ჯოხაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი კობა კობალაძე ბრისტოლში ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით არსებულ მდგომარეობას გაეცვნენ და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობით დაინტერესდნენ.
სოციალური საკითხების სამსახურის უფროსმა ქართველ დეპუტატებს დაწვრილებით მოუთხრო ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე და ყურადღება სისტემურ თავისებურებებზე გაამახვილა.
შეხვედრაზე ანნა ჯოსლინგმა აღნიშნა, რომ ქალაქის ჯანდაცვის მთელი სტრატეგია პრევენციაზეა აგებული. მისივე ინფორმაციით, კეთდება ყოველწლიური ანგარიშები მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ამ მონაცემების მიხედვით იგეგმება ყოველი მომდევნო წელი და ბიუჯეტი.
„ხდება წინასწარი გამოკვლევები აუცილებელ რეჟიმში და დრულად ხდება მკურნალობა, რაც ჯანდაცვის ხარჯებს ამცირებს. აგრეთვე მუშაობს პროგრამები ალკოჰოლისა და თამბაქოს წინააღმდეგ. კვლევებმა აჩვენეს, რომ ალკოჰოლის წინააღმდეგ დახარჯული 1 ფუნტი, ჯანდაცვის ბიუჯეტიდან – 100 ფუნტის დაზოგვას ნიშნავს, თამბაქოს წინააღმდეგ დახარჯული 1 ფუნტი კი – 150 ფუნტის დაზოგვის ტოლია“, – განაცხადა ანნა ჯოსლინგმა შეხვედრაზე.
საკრებულოს წევრებმა, ბრისტოლის მერიის სოციალური საკითხების სამსახურის უფროსს თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური კუთხით მოქმედი პროგრამები, თავისებურებები და მათში მოქალაქეთა ჩართულობის მონაცემები გააცნეს. ისაუბრეს სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამებზე და ყურადღება დაზღვევის პროგრამაზე გაამახვილეს.
ქართველ სტუმრებთან შეხვედრაზე ანნა ჯოსლინგმა ხაზგასმით აღნიშნა, ბრისტოლის სკოლებში მოქმედებს სპეციალური პროგრამები, სადაც ბავშვებს თავიდანვე ასწავლიან სწორ კვებას, ჯანსაღი ცხოვრების წესს და სამედიცინო თვალსაზრისით პრევენციის უპირატესობას. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ ამ გამოცდილებას ქართველი კოლეგები გაიზიარებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები