ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში დენის, წყლის და ინტერნეტის მიწოდება შეწყდა
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 29 სექტემბერს დენის გათიშვის გამო მოსახლეობას მთელი დღე სასმელი წყალი არ მიეწოდებოდა. გაითიშა ინტერნეტიც. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იტყობინება.
იმის გამო, რომ ცხინვალის მოსახლეობას წყალი გრაფიკით მიეწოდებოდა, სახლების უმეტესობაში სპეციალური რეზერვუარები დადგეს, საიდანაც წყალს ტუმბო ქაჩავს. დენის გათიშვის შემდეგ წყალგაყვანილობის სისტემა დაირღვა. შექმნილი ვიტარების გამო დაიხურა საბავშვო ბაღებიც.
„დენის გარეშე ჩვენ ბავშვებისთვის საჭმელს ვერ ვამზადებთ. დენი ოდნავ გვიან რომ გაეთიშათ, მზარეული სადილის გაკეთებას მოასწრებდა, მაგრამ ელექტროენერგია დილის 6 საათზე გაითიშა და საჭმლის მომზადება ფიზიკურად ვერ მოესწრო“, – განუცხადეს „სპუტნიკის“ კორესპონდენტს ცხინვალის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში.
ცხინვალის იმ მაღაზიებში, სადაც ადგილობრივი გენერატორები არ აქვთ, მალფუჭებადი პროდუქტები უვარგისი ხდება. ამის გამო ცხინვალის მოსახლეობის უმეტესობა რძისა და ხორცის ნაწარმის, ასევე ნახევარფაბრიკატების შეძენისგან თავს იკავებს. ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ერთი კვირის განმავლობაში უკვე მეორედ ითიშება ელექტროენერგია, რომელიც მას რუსეთიდან მიეწოდება.