ლაშა კილაძე: მარიხუანის მომხმარებლების 70% უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადის

მარიხუანის მოხმარება ხშირად უბრალოდ პირველი ეტაპია, მისი მომხმარებლების 70% მარიხუანადან უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადადის, – ამის შესახებ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურმა დირექტორმა ლაშა კილაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა.
როგორც კილაძემ აღნიშნა, მარიხუანა საქართველოში ისედაც ყველაზე მოხმარებადი ნარკოტიკული საშუალებაა, რომელსაც საკმაოდ დაბალი ასაკის მოქალაქეები მოიხმარენ. მისი ლიბერალიზაცია კი მოხმარების დონეს გაზრდის.
კილაძის თქმით, ვიწრო წრე ცდილობს მარიხუანის ლიბერალიზაციის საკითხი წარმოაჩინოს როგორც საზოგადოების დაკვეთა, მაშინ როდესაც მისი თქმით, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ამ საკითხით დაინტერესებული არ არის.
„უცნაური აგიტაცია ხდება – თითქოს მარიხუანა არ არის მავნებელი და არ იწვევს დამოკიდებულებას, თითქოს მარიხუანა კარგია… აბსურდამდე მივდივართ. დღეს შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ინფორმაციებზე დაყრდნობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის, საქართველოს ციხეებში პატიმრები სასჯელს არ იხდიან. ეს ყველაფერი ღია კარის მტვრევას გავს.
ბევრ ევროპულ ქვეყნაში არ არის კანონმდებლობა ეგზომ ლიბერალური როგორც საქართველოში, ამას მავანი ამტკიცებს. მარიხუანა საქართველოში დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და მოხმარებად ნარკოტიკად რჩება. ძალიან ავტორიტეტული სამეცნიერო საზოგადოების კვლევებზე დაყრდნობით გეტყვით, რომ მარიხუანის მოხმარება ხშირ შემთხვევაში პირველი ნაბიჯია სხვა კიდევ უფრო მძიმე შედეგების გამომწვევი ნარკოტიკების მოხმარებისთვის.
ბევრ ევროპულ ქვეყანაში მარიხუანის „ც“ ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკების კატეგორიიდან, „ბ“ ანუ საშუალო სიმძიმის ნარკოტიკების კატეგორიაში გადატანის პროცესი მიმდინარეობს. საქართველოში მარიხუანის დაბალი ასაკის ადამიანები მოიხმარენ. მისი მომხმარებელთა 70%- ისთვის ეს მხოლოდ ეტაპობრივია, რის შემდეგაც ისინი უფრო მძიმე ნარკოტიკებზე გადადიან. კანონმდებლობის ლიბერალიზაციის შემდეგ მისი მოხმარება გაიზრდება. ვიწრო ჯგუფები ხშირად აპელირებენ იმაზე, რომ ეს საზოგადოების მოთხოვნაა, საზოგადოება დღეს ამისთვის მზად არ არის და აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დაინტერესებული არ არის იმით, რომ მარიხუანის ლიბერალიზაცია მოხდეს“, – განაცხადა ლაშა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები