“ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა”

თბილისში, სასტუმროში „რადისონ ბლუ ივერია“, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან 66-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოს და ჩინეთის სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, იუ ბინიმ და პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მიმართეს.
დავით უსუფაშვილი: „ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს და ქართველი ხალხის სახელით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 66-ე წლისთავი ჩვენს მეგობარ ჩინელ ხალხს მივულოცო და მუდმივი წარმატებები და კეთილდღეობა ვუსურვო. ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ საქართველოსა და ჩინეთის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები დღეს უფრო ინტენსიურია, ვიდრე ოდესმე, რასაც ცხადჰყოფს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში ბოლო პერიოდში განვითარებული პროცესები. მუდამ მოხარული ვიქნები გავიმეორო, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ერთ-ერთმა პირველმა აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა, დაამყარა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობები, გახსნა საელჩო თბილისში და მისცა ძლიერი სტიმული ორ ქვეყანას შორის არსებული ისტორიული და კულტურული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას. ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო ჩინეთის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და ჩინეთს შორის ვითარდება ყველა სფეროში. კერძოდ, დღეისათვის ჩინეთი წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ინვესტორს საქართველოში და დღითიდღე იზრდება ჩინური კომპანიების დაინტერესება ამ მიმართულებით; სწრაფად იზრდება ორმხრივი ვაჭრობა, მათ შორის ჩინურ ბაზარზე საქართველოს ექსპორტის ხარჯზე; ჩინეთი არის საქართველოს 3 უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა შორის; იზრდება საქართველოში ჩინელ ვიზიტორთა რიცხვი; ვითარდება ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში“.
პარლამენტის თავმჯდომარე მისასალმებელ სიტყვაში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც თანამედროვე რეალობაში ძველი აბრეშუმის გზის აღდგენას შეეხება და რომლის თაობაზეც საერთაშორისო კონფერენცია პეკინში ორიოდ კვირაში გაიმართება. დავით უსუფაშვილის შეფასებით, ინიციატივა ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალ შესაძლებლობებს შექმნის, რაც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, საქართველოს ამ პროექტის მნიშვნელოვან მონაწილედ აქცევს და სატრანზიტო ხიდის ისტორიული ფუნქციის შესრულებას დაუბრუნებს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაფუძნების წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო მიღებას საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, თბილისის მერიის და საკრებულოს პირველი პირები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები