სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

„ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახავი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის“ (CPT) ანგარიში CPT-ის რეგლამენტის სრული დაცვით გამოქვეყნდება, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
სამინისტრო ითვალისწინებს CPT-ის რეგლამენტის მოთხოვნებს, რომლის თანახმად, სახელმწიფოსთვის გადაცემული ანგარიში კონფიდენციალურია. ამავე რეგლამენტის და წამებისა და არაადამიანური, ან დამამცირებელი მოპყრობის, ან დასჯის აღკვეთის ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო კომიტეტისგან მოითხოვს ანგარიშის სრულად გამოქვეყნებას სახელმწიფოს მიერ მიწოდებულ კომენტარებთან ერთად.
საქართველოს მთავრობის სათანადო სტრუქტურები, მათ შორის სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტები, მინისტრის დავალების თანახმად და CPT-ის ოფიციალური წერილის შესაბამისად, კომენტარებზე მუშაობენ, რომლისთვისაც ექვსთვიანი ვადაა განსაზღვრული. სამინისტრო შესაბამის კომენტარებს ახლო მომავალში, ვადის ამოწურვამდე წარადგენს. ანგარიში უწყებამ CPT-სგან მიმდინარე წლის 31 ივლისს მიიღო.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღიაა CPT-სთან და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან თანამშრომლობისთვის, ითვალისწინებს მათ რეკომენდაციებსა და შენიშვნებს. სასჯელაღსრულების სამინისტროსთვის გამჭვირვალობა ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, შესაბამისად, ანგარიში ყველა პროცედურის დაცვით გამოქვეყნდება”, – ნათქვამია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები