ირაკლი ლექვინაძემ 13 ივნისის სტიქიის შესახებ ანგარიში წარადგინა

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის“ წევრებს 13 ივნისის სტიქიის შესახებ ანგარიში წარუდგინა.
შეხვედრა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაიმართა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ირაკლი ლექვინაძემ კლუბის წევრებს 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად სხვადასხვა ორგანიზაციებიდან გადარიცხული თანხების განკარგვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს. „თბილისის მერიის სახელით შეხვედრაზე წარვადგინე პრეზენტაცია, სადაც იყო ერთგვარი ანგარიში შემოწირული თანხების განკარგვის შესახებ. დღეს აქ იმყოფებოდა თითქმის ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელი, რომლებმაც უდიდესი კონტრიბუცია გაიღეს 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. პრეზენტაცია შეეხო ასევე იმ საჭიროებებს, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.
დაზარალებულების დასახმარებლად ჩვენ წარვადგინეთ წინადადებები, თუ რა მიმართულებით შეიძლება სხვადასხვა კომპანიების მხრიდან განხორციელდეს მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. ღონისძიებას კლუბის წევრებთან ერთად, 100-მდე სხვადასხვა ბიზნეს, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.
„სოციალური პასუხისმგებლობის კლუბი“, რომელიც 2015 წლის 27 მაისს დაფუძნდა, წარმოადგენს არარეგისტრირებულ კავშირს, რომლის მიზანია საზოგადოებაში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ ცოდნის ამაღლება და ერთობლივი გრძელვადიანი საქმიანობით კლუბის წევრებთან, პარტნიორებთან, დონორებთან ერთობლივი სამოქალაქო საზოგადოების მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე კლუბის წევრია 50 ბიზნეს, არასამთავრობო, მედია და საჯარო ორგანიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები