საქართველოს მშვიდობის დამცველები 133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს ესტუმრნენ
საქართველოს მშვიდობის დამცველები თბილისის 133-ე საჯარო სკოლის პატარა მეგობრებს შეხვდნენ. პროექტის „წერილები ჯარისკაცებს“ ფარგლებში, ავღანეთში, ფარვანის პროვინციაში დისლოცირებულმა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სამხედროებმა 133-ე სკოლის VIა კლასის მოსწავლეებს საპასუხო წერილები გამოუგზავნეს.
133-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს წერილები სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ოფიცრებმა მიუტანეს და სამახსოვროდ 43-ე ბატალიონის მიერ გამოგზავნილი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს, რომელიც ავღანეთში იყო აღმართული. ოფიცრებმა პატარა მეგობრებს ვიდეორგოლიც უჩვენეს და აუხსნეს, თუ როგორ უზრუნველყოფენ ქართველი ჯარისკაცები მათი თანატოლების მშვიდობასა და უსაფრთხოებას ავღანეთში.
მოსწავლეები მშვიდობის დამცველებს ქართული ხალხური სიმღერით, „ლაშქრულით“ დახვდნენ და კლიპი უჩვენეს, სადაც ასახულია, რამ შთააგონა პატარები სამშობლოდან შორს მყოფი სამხედროებისთვის წერილები მიეწერათ; შეხვედრის ბოლოს კი თეატრალური წარმოდგენა „სათაგური“ შესთავაზეს.
133-ე სკოლის მოსწავლეებმა ქართველ სამხედროებს ავღანეთში წერილები ივნისში გაუგზავნეს. „წერილები ჯარისკაცებს“ საქართველოს თავდაცვის, იუსტიციის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ერთობლივი პროექტია, რომელსაც დანაშაულის პრევენციის ცენტრი სტუდენტებთან ერთად 2012 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, თბილისისა და საქართველოს რეგიონების საჯარო სკოლების მოსწავლეები წერილებს წერენ ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს. საპასუხო წერილებს ბავშვებს ჯარისკაცებიც უგზავნიან. პროექტის მიზანია, სამშობლოდან შორს მყოფი მებრძოლებისათვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვა.