საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: „გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა
საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე: “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” გადაწყვეტილება გამოაქვეყნა.
პლენუმის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების სრული ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
„კვირა“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილების შემოკლებულ ვერსიას გთავაზობთ. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ნათქვამია, რომ კონსტიტუციური სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
“ცნობილ იქნეს არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ და მე-6 პუნქტებთან მიმართებით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში; კონსტიტუციური სარჩელი N646 (საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ) არ დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-11 ნაწილის, აგრეთვე, ამავე კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობას, რომელიც ითვალისწინებს პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის სიტყვების “ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს”, აგრეთვე 205-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით. გ) შეწყდეს საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-8 ნაწილის მე-3 წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით”, – ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, იურიდიულად ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების სხდომათა დარბაზში მისი გამოქვეყნების მომენტიდან, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.