კომისიის სხდომაზე საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის პროექტის განხილვა გაიმართა
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის სხდომაზე “საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტი განიხილეს.
კრიზისების მართვის საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი, კომისიის თავმჯდომარე მინდია ჯანელიძე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე, საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეები და საბჭოს აპარატში შემავალი დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების სამუშაო პროცესი ამ ეტაპზე პრაქტიკულად დასრულებულია. ჩამოყალიბებულია “საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტის“ პროექტის საბოლოო ვერსია. უწყებათშორისი კომისიის წევრები და უშიშროების საბჭოს მდივანი პროექტთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებებს 1 კვირის ვადაში წარმოადგენენ, რის შემდეგაც დოკუმენტი დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
“საქართველოს საფრთხეების შეფასების 2015-2018 წწ. დოკუმენტზე“ მუშაობა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსთან არსებული საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის ფორმატში 2014 წლის ბოლოს დაიწყო და მასში ყველა შესაბამისი უწყება იყო ჩართული.