როგორ დავიცვათ თავი სეზონური რესპირაციული ვირუსებისგან – სპეციალისტის რეკომენდაციები
„ შემოდგომის პერიოდში უფრო გავრცელებული იქნება რესპირაციული ინფექციები, რომელიც დაკავშირებულია გაციებით მიმდინარე დაავადებებთან. ეს დაავადებები კი შეიძლება სხვადასხვა ვირუსის ცირკულაციასთან იყოს დაკავშირებული“,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
მისი თქმით, ვირუსული დაავადებისგან პრევენციის საშუალებები არსებობს, მათ შორის ოთახებში ჰაერის სრული გასუფთავება და ხელების საპნით ხშირად დაბანა.
„რესპირატორულ ინფექციებს შემდგომ გრიპის სეზონის დადგომა და გავრცელება მოჰყვება. საჭიროა, გავატაროთ გარკვეული პრევენციული ღონისძიებები, რომ ის ტვირთი შევამსუბუქოთ, რასაც რესპირატორული ვირუსები და გრიპი გვაყენებს. რესპირაციული ვირუსებისგან დაცვის სტანდარტული მეთოდები არსებობს, რაც ნიშნავს იმას, რომ სივრცეები, სადაც ბავშვები ან თუნდაც მოზრდილები იმყოფებიან, ხშირად უნდა განიავდეს, აუცილებელია ხშირად დავიბანოთ ხელები. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ არ გავრცელდეს ინფექციები და ეს არ შეეხება მარტო რესპირაციულ ვირუსებს, რომლის გადამტანიც ხშირად სწორედ ჭუჭყიანი ხელებია. ეს შეეხება ნაწლავური ინფექციების გამომწვევებსაც, რომელიც ასევე მატებას იწყებს შემოდგომისას. ეს განსაკუთრებით შეეხება ბაქტერიულ ნაწლავურ ინფექციებს. ბავშვებმა ხელები ხშირად და საპნით უნდა დაიბანონ “,- აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.