„უკრაინაში წამსვლელმა მოქალაქეებმა უნდა გადასინჯონ აცრების კალენდარი და, საჭიროების შემთხვევაში, პოლიომელიტის ვაქცინის დამატებითი დოზა მიიღონ“

უკრაინაში გავრცელებული პოლიომელიტის ვირუსი საქართველოსა და უკრაინას შორის ინტენსიური მიმოსვლის გამო შესაძლოა, გარკვეული საფრთხის შემცველი იყოს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა, უკრაინაში წამსვლელ ყველა მოქალაქეს თავისი აცრების კალენდრის გადასინჯვისკენ მოუწოდა და, საჭიროების შემთხვევაში, პოლიომელიტის ვაქცინის დამატებითი დოზის მიღება ურჩია.
ზახაშვილის განცხადებით, პოლიომელიტი ძალიან მძიმე დაავადებაა, რომლით ინფიცირებისას შესაძლოა, ადამიანს დამბლა განუვითარდეს, ან ლეტალური შედეგი დადგეს.
„პოლიომელიტი უმძიმესი დაავადებაა, ის ადამიანს სამუდამოდ ინვალიდს ტოვებს, შესაძლებელია, რომ სიკვდილიც გამოიწვიოს. საქართველოში პოლიომელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არსებობს. მოვუწოდებთ მშობლებს, გადასინჯონ, არის თუ არა ბავშვი სრულყოფილად აცრილი პოლიომელიტზე. უკრაინაში პოლიომელიტის 2 შემთხვევა გამოუვლინდათ, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ მთელი უკრაინის ტერიტორია დერივატული პოლიომელიტის გავრცელების მაღალი რისკის ზონაა.
უკრაინასთან ინტენსიური მიმოსვლის გამო პოლიომელიტის საფრთხე საქართველოშიც არსებობს, ვირუსის შემოტანისგან დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელია. უკრაინაში წამსვლელ ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ, გადასინჯონ თავიანთი აცრების კალენდარი და თუ საჭიროება არსებობს, პოლიომელიტის ვაქცინის დამატებითი დოზა მიიღონ“,- განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
რაც შეეხებათ სარისკო ჯგუფებს, ზახაშვილის განცხადებით, პოლიომელიტი უფრო ხშირად ბავშვთა ასაკში ემართებათ, მაგრამ გვხვდება მოზარდებშიც და ყოფილა შემთხვევები, რომ ხანდაზმულებიც დაავადებულან, თუკი მათ პოლიომელიტის წინააღმდეგ იმუნიტეტი არა აქვთ. ხოლო ყოველი 200 ინფიცირებულიდან ერთს განუვითარდება დამბლა.
„ეს დამბლა უკვე არანაირი სამედიცინო ჩარევით არ აღდგება. ეს დამბლა ზედა და ქვედა კიდურებზე ხდება, შესაძლებელია სახის რომელიმე ნერვის პარალიზიც გამოიწვიოს. იმ ადამიანებს შორის კი, ვისაც ეს დამბლა დაემართება, 10-20%-ში შესაძლოა, ლეტალური შედეგით დასრულდეს, რაც გამოწვეულია იმით, რომ სასუნთქი კუნთების დამბლა ვითარდება და ადამიანს სუნთქვა აღარ შეუძლია“,- აღნიშნა ზახაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები