ეკონომიკის მინისტრი ლარის გამყარების პირობას დებს

„ლარი აუცილებლად გამყარდება“, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა ბიზნესასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დაწყებამდე აღნიშნა, პრაქტიკულად ყოველდღიურად ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ეკონომიკის სამინისტრო არსებული მდგომარეობის გაანალიზების პროცესშია ჩართული. “მაკროეკონომიკური პარამეტრებით, დღეს ჩვენ ვართ ლარის გადაფასებაში, ანუ კურსი არის უფრო გაუფასურებული, ვიდრე მაკროეკონომიკური პარამეტრები გვაჩვენებს. მოსახლეობისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის რეალური ციფრები, რომელიც ჩვენ გვიჩვენებს ექსპორტის და იმპორტის ბალანსს.
ასევე გვიჩვენებს იმ შემოდინებებს, რომელიც ქვეყანაშია. შესაბამისად, ყველა ამ ციფრიდან გამომდინარე, ჩვენს ვალუტაზე, წინა წელთან შედარებით, ზეწოლა შემცირებულია 100 180 მილიონი დოლარით. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ საშუალოვადიან პერიოდში აუცილებლად ლარი გამყარდება.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოლოდინების ნაწილში ბაზრის მოთამაშეებმა ვერ მოახერხეს სწორი მოლოდინების ფორმირება, ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ხოლო ცენტრალური ხელისუფლება, თავის მხრივ, გაატარებს ყველა საჭირო ზომებს, რომელიც გასატარებელია“,-განმარტა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, თუ კიდევ ერთხელ დასჭირდა ქვეყანას და ვალუტას ცენტრალური ხელისუფლებიდან ბიუჯეტის კორექტირება, განხილვა ამასთან დაკავშირებითაც დაიწყება.
„თუმცა, დღეს არსებული პარამეტრებით, რაც გვაქვს, ამის საჭიროება არ არის”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები